შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
1958 წელს დაბადებულ ზურაბ გ-ს, 1975 წელს დაბადებულ ირაკლი ც-ს, 1979 წელს დაბადებულ გიორგი თ-ს, 1975 წელს დაბადებულ ლაშა დ-ს, 1987 წელს დაბადებულ ვასილ ლ-ს, 1959 წელს დაბადებულ სოლომონ ლ-ს, 1991 წელს დაბადებულ ზაზა პ-ს, 1988 წელს დაბადებულ გიორგი თ-ს, 1967 წელს დაბადებულ ხვიჩა ს-ს, 1976 წელს დაბადებულ მამუკა მ-ს. და 1958 წელს დაბადებულ გელა გ-ს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, გადაზიდვა და
გასაღება ედებათ ბრალად.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე ასევე ამხილეს 9 წევრი: 1985 წელს
დაბადებული ნანა ს., 1989 წელს დაბადებული ლიკა რ., 1989 წელს დაბადებული თამთა კ., 1978 წელს დაბადებული მზია მ., 1948 წელს დაბადებული რამიკო მ., 1969 წელს დაბადებული ელისო ჯ, 1962 წელს დაბადებული ზურაბ ხ., 1976 წელს
დაბადებული ვლადიმერ ნ. და 1966 დაბადებული თამაზ ჩ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 22-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიოტრიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის დათვალიერებისას, მგზავრის სავარძლის ქვეშ
"გლოკ 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ვაზნა ამოიღეს. ავტომანქანის მძღოლი, 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ, და მგზავრი - 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ხვიჩა ს, გიორგი თ. და მამუკა მ. "გლოკ 19"-ის და "გლოკ 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა თბილისში შეეძინეს და სარეალიზაციოდ ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიჰქონდათ. მათ წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში სხვა დაკავებული და მხილებული პირები ეხმარებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მხილებული პირების სახელზე აფორმებდნენ შეძენილ იარაღს.
გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ქალაქ საგარეჯოში, ერთ-ერთი დაკავებულის გელა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში "გლოკ 19"-ის და "გლოკ 17"-ის მოდელის 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიტანეს და
რეალიზაცია მოახდინეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენის-შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-3 ნაწილის და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს .
მასალის გამოყენების პირობები