"ჯეოსელი" და "ბილაინი" მობილურ სააბონენტო ნომრებს წერილობითი ხელშეკრულების გარეშე გასცემდნენ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) წერილობით გააფრთხილა.
ორივე კომპანიას მათი კუთვნილი მობილური სააბონენტო ნომრები მომხამარებელზე წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ჰქონდათ გაცემული, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ თანახმად, კი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული.
"ეს გარემოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის შპს „მაგთიკომში“ ე.წ „ფროდის“ სისტემის (თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამის) საშუალებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი. შემოწმებამ აჩვენა, რომ შპს „მობიტელისა“ („ბილაინი“) და შპს „ჯეოსელის“ სააბონენტო ნომრებით შპს „მაგთიკომის“ ქსელში, სავარაუდოდ, ე. წ. „სიმ ბოქსების“ საშუალებით, საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „ა“ ნომრით დასრულდა (განხორციელდა)", - განაცხადეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელსგან“ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სააბონენტო ნომრებზე შესაბამის აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებების ასლები გამოითხოვა.
შპს „ჯეოსელმა“, მართალია, 59 სააბონენტო ნომრიდან 56 სააბონენტო ნომერზე წარმოადგინა აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ასლები, თუმცა საჯარო რეესტრში წარმოდგენილ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული პირადი ნომრებით მოქალაქეები არ იძებნება. შპს „მობიტელმა“ მიმდინარე კომისიას წერილებით აცნობა, რომ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებების ასლები.
უწყების განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-105 პირველი მუხლი დაარღვია.
მასალის გამოყენების პირობები