ინგა ბიტარაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა ჯიხურს უახლოეს მომავალში დაანგრევენ. ამ ფაქტს შპს `გლეხური ბაზრის~ წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ჯიხურების მფლობელები მოვაჭრეები არიან, მიწა კი შპს `გლეხურ ბაზარს~ ეკუთვნის. ამის გამო, ინდ. მეწარმეები საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
გურჯაანის აგრალური ბაზრის ტერიტორიას შპს `გლეხური ბაზარი~ ფლობს, მესაკუთრე ოლია ლიპარტაშვილია. ბაზარს კი ფაქტობრივად მისი შვილი _ დავით ლიპარტაშვილი განაგებს. უახლოეს მომავალში ბაზრის ტერიტორიაზე არსებული თითქმის ყველა ნაგებობის დანგრევა იგეგმება, მის ნაცვლად მფლობელი ახლის აშენებას აპირებს. საქმე ისაა, რომ ჯიხურების მფლობელები მოვაჭრეები არიან, მიწა კი შპს `გლეხურ ბაზარს~ ეკუთვნის.
"ეს შენობა მამაჩემის მიერაა აშენებული. მამა რომ გარდაიცვალა, თბილისში ვმუშაობდი, ჩამოვედი და მას შემდეგ, 1997 წლიდან ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას(ვაჭრობას). 1999 წელს, საბუთებს რომ გავეცანი, აღმოჩნდა, რომ მამას ჯიხურის ტექნიკური პასპორტი არ გააჩნდა. რადგან მემკვიდრეობა არ მქონდა მიღებული იძულებული ვიყავი, აღნიშნული საბუთი მამაჩემის სახელზე ამეღო. ქონების დაკანონების შემდეგ კი, რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოვიდა. ე.ი. 1999 წლიდან ტექნიკურ ბიუროში ოფიციალურად რეგისტრირებული, შენობის ტექნიკური პასპორტი არსებობს, რომლის მიხედვითაც ეს ჯიხური ნამდვილად მე მეკუთვნის," _ გვითხრა თემურ ჭაჭუკაშვილმა და იქვე დასძინა:
"წელს კი გავარკვიე, რომ თურმე მიწა შპს `გლეხურ ბაზარს~ ეკუთვნის და მათ ნებაზეა დამოკიდებული შენობას დამინგრევენ თუ არა. ვერ გავიგე ეს ჯიხური მე თუ კანონიერად მეკუთვნოდა, ახლა რატომ გახდა არაკანონიერი?! სად არის სამართალი?! საჯარო რეესტრიდან მიღებულ ცნობაში აღნიშნულია: `შენობა თქვენია, მაგრამ საკუთრების გარეშე.~ ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. ახლა ჩემს ადვოკატს გურჯაანის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეტანილი აქვს შეკითხვა, ვნახოთ, რას მიპასუხებენ, თუ არადა, კანონიერების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შევიტან," _ განმარტა მან.
ანალოგიურ მდგომარეობაშია მარიამ თევდორაშვილიც, რომელსაც ბაზრის ტერიტორიაზე ჯიხური 1998 წლიდან აქვს.
"ეს მიწა მეც არ მაქვს საკუთრებაში, ეხლა მითხრეს, დაგვიანებულია, ტერიტორია აღარ იყიდებაო. ალბათ დამინგრევენ და რას გავაკეთებ არ ვიცი, "დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი?" _ გვითხრა მარიამ თევდორაშვილმა.
მათ გარდა, შეშფოთებას სხვა მოვაჭრეებიც გამოთქვამენ, თუმცა უმრავლესობა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
"აქ თითქმის ყველას ეს პრობლემა გვაქვს. მე ტექნიკური პასპორტიც არ გამაჩნია. ბაზრის ცენტრალური შემოსასვლელიდან დანგრევა უკვე დაიწყეს. ყველა ძალიან ვნერვიულობთ. ოჯახს აქ ნაშოვნი ფულით ვარჩენ, ამას თუ რჩენა ჰქვია. ჯიხურის დანგრევით შვილებს მშიერს მიტოვებენ, მაგრამ რა ვქნა, როცა თავს ზევით ძალა არ მაქვს. კი ბატონო, ააშენონ, მაგრამ ვიცი ისეთ გადასახადს დააწესებენ, რომ დაფარვას ვერ შევძლებთ. უმრავლესობას იმის საშუალებაც არ გაგვაჩნია, რომ ადვოკატს მივმართოთ. არ ვიცით რა გზას დავადგეთ. თანაც რომ ვიჩივლო, მეუბნებიან, სასამართლო პროცესს იმდენი დრო სჭირდება, სანამ დასრულდება დანგრევას კი არა, აშენებასაც მოასწრებენო," _ ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
იურისტი ლია ჭუნიაშვილი გაზეთ `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოვაჭრემ/მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს.
"მოქალაქემ თავდაპირველად დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს. თუ აღნიშნული ორგანო რეგისტრაციაზე უარს ეტყვის, მაშინ ყველა შემთხვევაში სასამართლოში უნდა გაასაჩვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეს ჯიხურები შეიძლება მართლაც დაუნგრიონ," _ ამბობს იურისტი და იქვე აღნიშნავს, რომ მიწის მფლობელმა შესაძლოა ნაგებობა სასამართლოს გამართვამდე დაანგრიოს, რადგანაც ამის კანონიერი უფლება აქვს.
"ასეთ შემთხვევაში ჯიხურის მფლობელმა სასამართლოს უნდა მიმართოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც ითვალისწინებს დაყადაღებას ან რაიმე მოქმედების აკრძალვას. ანუ სასამართლო პროცესის დასრულებამდე ნაკვეთის მფლობელს ეკრძალება მისი დანგრევა. რა თქმა უნდა, მოთხოვნას თან სათანადო დოკუმენტები უნდა ერთვოდეს."
არაოფიციალური ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორია შპს `გლეხური ბაზრის~ საკუთრებაში 2004 წლიდანაა. მისმა მფლობელმა ზუსტად როდის და ვისგან შეიძინა მიწა გაურკვეველია, რადგანაც დავით ლიპარტაშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ კომენტარისთვის არ სცალია.
"თბილისში ვარ შეხვედრაზე, არ მცალია, ამიტომ შპს `გლეხური ბაზრის~ დირექტორ ლამარასთან მიბრძანდით. ის საქმის კურსშია და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ," _ განაცხადა დავით ლიპარტაშვილმა.
შპს `გლეხური ბაზრის დირექტორი~ ლამარა აკოფაშვილი ამბობს, რომ როდის და ვისგან შეიძინეს ეს ტერიტორია, ამის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
"ამის თაობაზე მე არ ვარ საქმის კურსში, ეს თავად დათო ლიპარტაშვილმა უნდა გითხრათ. რაც შეეხება ბაზარს, გეტყვით, რომ ძველი აშენებული ნაგებობების დანგრევის შემდეგ მთელ სიგრძეზე ერთნაირი ჯიხურები განთავსდება. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო შესახედაობის იქნება გარედან და შიგნიდანაც _ კეთილმოწყობილი. პროექტი გამგეობაში უკვე შევიტანეთ, ამ დღეებში დაამტკიცებენ და მშენებლობასაც ეტაპობრივად დავიწყებთ. ჯერ ბაზრის ზედა მხარე გაკეთდება, შემდეგ კი ქვემო ნაწილი. ისე რომ, ბაზარი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს," _ აღნიშნა `სპქტრთან~ საუბარში ლამარა აკოფაშვილმა.
შპს `გლეხური ბაზრის~ დირექტორი განმარტავს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხალხის სასარგებლოდ გაკეთდება და ჯიხურების დანგრევის შემთხვევაში კი მფლობელების უფლებები არ დაირღვევა.
"მოვაჭრეების უფლებები არანაირად არ ირღვევა. თითოეულთან ხელშეკრულება გვაქს გაფორმებული, სადაც საერთო პირობა არის შემდეგნაირი: `თუ ერთი მხარე რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს, ეს ხელშეკრულება ირღვევა.~ ამ შემთვევაში ეს არის ჩვენი პრეტენზია. ჩვენ გვინდა კარგი, კეთილმოწყობილი ბაზარი. მოვაჭრეებს შეუძლიათ თავიანთი ჯიხური მოხსნან და წაიღონ. მიწა ჩვენია და მასზე უკეთესს ავაშენებთ. არავის არ ვეტყვით შენ წადი და სხვა მოვიდეს. ვისაც უნდა ჯიხური, დაიკავოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ქირას გადაიხდის. თუ რა თანხა იქნება გადასახდელი, ამას მფლობელი გადაწყვეტს," _ ამბობს ლამარა აკოფაშვილი. მისივე განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და სავარაუდოდ ზამთრისთვის დასრულდება.
P.S. სტატიის წერის პროცესში, `სპექტრის~ რესპონდენტმა თემურ ჭაჭუკაშვილმა, გამგეობიდან პასუხი მიიღო და როგორც თავად განმარტა, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები