6 აპრილს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ წარუდგინა.
საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი.
თეა წულუკიანმა იმ ნოვაციებზე ისაუბრა, რომლებსაც კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის აწესებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე ქართულ სისხლის სამართალში არასრულწლოვანთა კოდექსი არა მარტო ინოვაციური, არამედ რევოლუციურია. მასზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
„ეს პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ასახავს და ადასტურებს ჩვენი მთავრობის პოლიტიკურ ნებას, დაცული იყოს საქართველოში ბავშვთა უფლებები. ამ კოდექსის მიღებით საქართველოს დღევანდელი მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ისტორიაში იტყვის თავის თანამედროვე, ინოვატორულ და ჰუმანურ სიტყვას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს პარლამენტს შანსი აქვს, მოზარდებს მისცეს ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, რომელიც მომავალ თაობაზე ზრუნავს, ნაცვლად იმ მართლმსაჯულებისა, რომელიც ანადგურებს მომავალი თაობის წარმომადგენელს, რომელსაც ერთხელ, ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, შეეშალა და დაარღვია კანონი.
თეა წულუკიანის განცხადებით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ორიენტირებულია არა მარტო ბრალდებულ მოზარდზე, არამედ დაზარალებულ და მოწმე ბავშვებზეც.
„რამდენჯერ გვინახავს წარსულში უკანონოდ ციხეში ჩასმული ბავშვი, ან ბავშვი, რომელმაც დაარღვია კანონი და ძალიან ბევრი წლით ჩაჯდა ციხეში, ან ბავშვი, რომელიც არის მოწმე ან დაზარალებული, არის ჩართული სისხლის სამართლის პროცესში და ისეთ კითხვებს უსვამენ, რომ ის ხელახლა ხდება მის მიმართ უკვე ერთხელ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი, რადგან არ არსებობს მასზე მორგებული სისტემა... ეს კოდექსი ეძღვნება ბრალდებულ, მსჯავრდებულ ბავშვებს, მაგრამ ის, ასევე, ეძღვნება იმ ბავშვებს, რომლებიც დაზარალებულნი არიან ან რომლებიც მოწმედ შეიძლება გამოვიდნენ“, − აღნიშნა მინისტრმა.
თეა წულუკიანმა იმ ძირითად ნოვაციებზე ისაუბრა, რასაც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ შეიცავს. მისი თქმით, კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული მოსამართლეები და პროკურორები, პოლიციელები, სოციალური მუშაკები, პრობაციის ოფიცრები, რომლებმაც იციან სამართალწარმოების პროცესში ბავშვთან მოპყრობა; არასრულწლოვანს ნასამართლობა მოეხსნება სასჯელის მოხსნისთანავე და მას მიეცემა შანსი, სწორ გზას დაადგეს და უარი უთხრას წარსულს, მაგრამ თუკი ისევ ჩაიდენს დანაშაულს, ეცოდინება, რომ პირველი ნასამართლობა „გაცოცხლდება“ და შემდეგი სასჯელი იქნება უფრო მკაცრი და ადეკვატური; არასრულწლოვნისათვის მსჯავრის დადების წინ მომზადდება სპეციალური ანგარიში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები და ეს ანგარიში დაედება საფუძვლად მისთვის გამოტანილ მსჯავრს; უპირატესობა მიენიჭება განრიდებას − პატიმრობა იქნება როგორც აღკვეთის ღონისძიების, ისე სასჯელის სახით გამონაკლისი, როგორც ამას "გაერო"-ს ბავშვთა კონვენცია ითვალისწინებს; განრიდების გამოყენებისათვის არ იარსებებს სხვადასხვა შეზღუდვა და დაუშვებელი იქნება ისეთი მექანიზმის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის ბავშვს, მაგალითად, სწავლის პროცესში.
„ამოქმედდება დაკითხვის ახალი წესი, რომელიც სრულწლოვნებთან მიმართებაში რამდენჯერმე იქნა გადავადებული და ჯერაც არ არის ძალაში შესული. ამ კოდექსით ჩვენ შეგვიძლია, ეს პილოტური წესით შემოვიტანოთ სისხლის სამართლის პროცესში − არასრულწლოვნებთან მიმართებაში ამუშავდება დაკითხვის ახალი წესი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, ამ მექანიზმზე დაკვირვება საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას, გამოასწოროს შესაძლო ხარვეზები და მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი უკვე სრულწლოვნებთან მიმართებაშიც გამოიყენოს.
არასრულწლოვნის სისხლის სამართლის საქმე არ მოხვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში − მას მხოლოდ პროფესიონალი მოსამართლეები განიხილავენ. მრავალი ცვლილებაა კოდექსში ვადებთან დაკავშირებითაც.
„ჩვენ შევთანხმდით აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით, რომ, თუკი წინასწარი პატიმრობის ვადა, სრულწლოვნების შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, ამ შემთხვევაში ეს იქნება 40 დღე; თუკი 9 თვემდე არის ბრალდებულად ყოფნის ვადა სრულწლოვნისთვის, არასრულწლოვნის შემთხვევაში, ეს ვადა იქნება 6 თვე. სასამართლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზეც ვადები იქნება განახევრებული ან კიდევ უფრო შემცირებული. თქვენ იცით, რომ უზენაეს სასამართლოში, სრულწლოვნების შემთხვევაში, 6 თვის დასაშვებობის ვადაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ეს ვადა განვსაზღვრეთ 3 თვით“, − აღნიშნა მინისტრმა.
კიდევ ერთი ნოვაცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაკითხვის წესის შესახებ პილოტური სახით შემოაქვს, სასჯელის სახით შინაპატიმრობის განსაზღვრაა. შინაპატიმრობაზე განხორციელდება ელექტრონული კონტროლი, მომავალში კი ანალოგიური სისტემა სრულწლოვნებზეც ამუშავდება.
არასრულწლოვნის შემთხვევაში, სასჯელის სახით არ იქნება დაშვებული უვადო პატიმრობის გამოყენება.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ პირველი მოსმენით ერთსულოვნად მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები