ვაშლოვანის ნაკრძალთან, ე.წ. სამუხის ტერიტორიაზე ბრაკონიერებმა ჯეირანი მოკლეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სატელიტურ საყელოს ერთ–ერთ ფერმაში მიაკვლიეს.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მხარდაჭერით აზერბაიჯანმა საქართველოს 28 ჯეირანი სამ ეტაპად გადასცა (10+10+8). ყველა მათგანს სატელიტური საყელო ეკეთა, რომელიც ყოველ 12 საათში ერთხელ იმპულსის საშუალებით ამცნობს ცხოველის ადგილსამყოფელს.
ჯეირანის მკვლლობის ინფორმაციას, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მონიტორინგის ჯგუფის წევრი ამირან კოდიაშვილი ასაჯაროებს და facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება ჭიანურდება.
"ჩემო მეგობრებო, მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ ქურციკის აღდგენის პროგრამა ხორციელდება. მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 27 იანვარს ერთი ქურციკი ბრაკონიერებმა მოკლეს. დღემდე თავს ვიკავებდი ამ ინფორმაციის გასაჯაროვებისგან, რათა გამოძიებისთვის ხელი არ შემეშალა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროცესი ჭიანურდება. გული მწყდება, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი ჟინის მოსაკლავად და ორი კილო ხორცისთვის მოკლან ქურციკი, რომლის აღსადგენადაც ამდენი რამ გაკეთდა, როგორც სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბოლოს უბრალო ადამიანების მხრიდან.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მხარდაჭერით ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა 28 ქურციკი საქართველოს აჩუქეს, ჩვენი კი რას ვაკეთებთ? ძალიან მრცხვენია, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრათ მათ. არ ვიცი, რა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს!", - წერს ამირან კოდიაშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ჯეირანები დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ამირან კოდიაშვილი განმარტავს, რომ ცხოველები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს, თუმცა მათ უკეთესი ადგილი ნაკრძალის გარეთ მონახეს. "გადაადგილებას ვერ ავუკრძალავთ, რადგან ცხოველები უკეთეს გარემოს ეძებენ. დაცული ტერიტორიიდან კი გავიდნენ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ჩვენ მათ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ".
ჯეირანის მოკვლის ფაქტს შსს-ს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო იძიებს. როგორც ჩვენთან საუბარში შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი კახეთში შორენა ჯახუა აცხადებს, პოლიციაში შეტყობინება 2 თებერვალს შევიდა. "ჯეირანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თელაველია. ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უკანონო ნადირობას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით - ვადით სამ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი.
მასალის გამოყენების პირობები