„გამჭვირვალობა“ საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და იცავს უფლებაშელახულ საჯარო მოხელეებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ საკითხის კვლევამ უჩვენა, საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპების დარღვევით წარიმართება. "დიდწილად, ამას სამართლებრივი ხვრელები და არასათანადო რეგულირება უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ნეპოტიზმს და პატრონაჟს ახალისებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია გამოდის საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების წინადადებით".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც დაემატება „მუხლი 332(1): საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგო (მათ შორის არაგონივრული საკონკურსო მოთხოვნების ან შეფასების კრიტერიუმების დადგენით ან/და კონკურსის ჩაშლით სხვა კანდიდატებისთვის ხელის შესაშლელად) დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კანონპროექტი ასევე ახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს და ითანამშრომლებს მათთან, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხიმგებლობისაგან. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი მოწესრიგება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნეპოტიზმთან დანაშაულის გახსნას.
მასალის გამოყენების პირობები