2014 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტი წინა ორი წლის მაჩვენებელს აღემატება
ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებით კი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი აქტიურად განიხილებოდა უფლებადამცველებისა და ფართო საზოგადოების მიერ.
სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალთა წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაინტერესდა იმით, თუ რეალურად, რამდენად მწვავედ იდგა ქართულ საზოგადოებაში ოჯახში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემა. შესაბამისად, 2014 წლის დეკემბერს ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოთხოვნით მოეწოდებინათ სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული და გახსნილი ოჯახური დანაშაულის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მოწოდება მოთხოვნილ იქნა ბრალდებულისა და დაზარალებულის სქესის მითითებით.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მკვლელობის შემთხვევებს შორის მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ 2015 წლის 16 თებერვალს, მოგვაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს თბილისსა და რეგიონებში 2012 წლის მეორე ნახევრიდან (მუხლი 11 – პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსს 2012 წლის ივნისში დაემატა) 2014 წლის პირველი 10 თვის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევების რაოდენობის შესახებ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოჯახური ძალადობის საფუძველზე ჩადენილ მკვლელობათა და მკვლელობის მცდელობათა შორის მოძალადეს ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა წარმოადგენდა მამაკაცი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ორი წლის მაჩვენებლებს. კერძოდ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების 14 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. 2012 წლის მეორე ნახევარში კი აღნიშნული ციფრი 5–ს გაუტოლდა.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემთხვევები (სულ სამი შემთხვევა). აღნიშნულ ფაქტებს ადგილი აჭარას, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში ქონდა. მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად შესაძლებელია წარმოადგენდეს, მაგალითად, მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ან ორსული ქალისა, მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით, შეკვეთით და სხვ.
როგორც საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია ცხადყოფს, ოჯახში ძალადობა ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში ძალადობის შემთხვევათა მატებასთან ერთად დადგა. ამ ფონზე დადებითად უნდა შეფასდეს, საქართველოს მთავრობის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება საქართველოს პარალამენტის მიერ. მისასალმებელია, ასევე 2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა ოჯახური ძალადობის ისეთ შემთხვევებზე რომლებსაც შედეგად არ მოყოლია მეკვლეობა ან პირის ჯანმრთელობის დაზიანება (ასეთ ქმედებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ფსიქიკური ძალადობა, შანტაჟი, დაშინება, დამცირება და ა.შ.). ასევე შსს–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობას.
მიუხედავად ზემოთქმულისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეფორმის პროცესი დადებითი შედეგის მომტანი მხოლოდ მასში საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები