ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი დააკავეს.
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“-ს ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი, ხოლო მოქალაქე ვალერი ნადარაია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალერი ნადარაია, გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა ნინო ასათიანს. ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა ისე, რომ აღნიშნულ პირს შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში“ არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.
სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი - 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები