2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას გაკოჭილი და სავარაუდიდ ნაცემი პატიმრები ნახეს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპყრობილის საშხაპე ოთახში ორი დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვა იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.
რწმუნებულებმა N8 დაწესებულებაში საშხაპე ოთახის დათვალიერება კატეგორიულად მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. "ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს დახვდნენ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა, თუმცა მაინც მისცეს საშუალება საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ენახათ".
საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები.
მასალის გამოყენების პირობები