საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდათ.
საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს.
პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით ვალერი გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.
გამოძიებით დადგენილმა ამ ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება, კერძოდ:
მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით.
ერეკლე კოდუას და გია სირაძეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით და იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, აგრეთვე სხვისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის ძალადობით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ქვეპუნქტით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდებები სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და ყაჩაღობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე, იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად.
დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუხოცელი დამახინჯება.
უწყების ინფორმაციით, ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები