უკანასკნელი კვლევებით 2006-2012 წლებში ციხეებში ადამიანთა უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“-მ და „ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიზანი 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელებისა და მიზეზების შესწავლა გახლდათ.
ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული ემპირიული გამოკითხვის მონაცემებს. კვლევის პროცესში პირდაპირი ინტერვიუების სახით 1 200 მსჯავრდებული იქნა გამოკითხული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.
კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ 2006-2012 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს დირექტორი ქეთი ხუციშვილი: „ ანგარიში, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ფაქტობრივად, ორი წელია მზადდება. ჩვენი მიზანი იყო, იმ ცნობილი ციხის სკანდალური კადრების შემდეგ შეგვესწავლა არა მარტო ცალკეული ფაქტები, არამედ გაგვეგო, იყო თუ არა წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური. სამწუხაროდ, ანგარიშმა აჩვენა, რომ წამება მართლაც სისტემური იყო და მას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: ნულოვანი ტოლერანტობა, ციხის მართვის ძალადობრივი მეთოდები და ა.შ.“
“ციხის საერთაშორისო რეფორმის“ დამაარსებლის, ბარონესა ვივიენ სტერნის განცხადებით, საშინელი ფაქტების აღწერასთან ერთად, ამ ანგარიშის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი შემთხვევები არასდროს განმეორდეს.
ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, კერძოდ, ბარონესა ვივიენ სტერნმა და „ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ კოილმა იმუშავეს.
მასალის გამოყენების პირობები