ინგა ბიტარაშვილი
რამდენიმე ათეული წელია, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი არაპრიორიტეტული გახდა და აქედან გამომდინარე, გლეხი ცუდ დღეში აღმოჩნდა. მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემა, შხამ-ქიმიკატების მაღალი ფასი და უხარისხობა, გაძვირებული საწვავი, მექანიზაციის სიმცირე _ ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც გლეხი იძულებული გახდა ვენახი გაეჩეხა. ამას ისიც დაემატა, რომ სისტემატურად ხდება ვენახის რკინის სარების ქურდობა. ზოგიერთი მევენახე საკუთარ ნაკვეთს თითქმის 24 საათის განმავლობაში დარაჯობს და პრობლემის მოგვარებას ამ გზით ცდილობს. მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ კი შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო ინფორმაციას არ გასცემს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ გლეხებს, რომლებიც მევენახეობას მისდევენ არაერთი პრობლემა აქვთ. როგორც თავად განმარტავენ, ყველაზე მეტად ყურადსაღები და პრობლემური ვენახის სარების ქურდობაა, რომელიც არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო ინფორმაციას არ გასცემს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შალვა ნადაშვილი კი განმარტავს, რომ რკინის სარების მოპარვის ფაქტები ძალიან ხშირია. "შემოდგომით ჩემს ვენახში რამდენიმე სარი მოიპარეს, მის ნაცვლად სხვები ჩავაყენე, ათიოდე სარის გულისთვის პოლიციას ხომ არ მივმართავდი?! ამას, ალბათ, შეგნებული ადამიანი არ გააკეთებს, უფრო ახალგაზრდები _ 17-18 წლის ბავშვები იპარავენ, ჯართში რომ ჩააბარონ და ფული აიღონ. ჩვენ იძულებულები ვართ, თითქმის 24 საათის განმავლობაში `ვუყარაულოთ~ საკუთარ ნაკვეთებს, მაგრამ სულ იქ ხომ ვერ ვიქნებით?! ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ზარალია, რადგან სხვა საქმე უკან გვრჩება, გამართული ვენახი კი ხელახლა მისახედია,"_ გვითხრა შალვა ნადაშვილმა.
გლეხების თქმით, ეს პრობლემა მოგვარდებოდა, თუკი ჯართის მიმღები პუნქტები მოპარულ სარებს არ ჩაიბარებდნენ. "როგორც ვიცი, ჯართის ჩამბარებელ პუნქტებს ვენახის სარის მიღება კანონით აკრძალული აქვთ, მაგრამ რად გინდა, ყველა სათავისოდ აკეთებს საქმეს. ვის აქვს ჩვენი დარდი?! ეს პრობლემა თითქმის ყველა მევენახეს აწუხებს, მაგრამ პოლიციაში არ მივდივართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენებების მისაცემად ტყუილად უნდა გვატარონ. ამ დროში ისეთი საშინელი ამბები ხდება, ამის გამო თავს ვინ შეიწუხებს?!" _ ამბობენ გლეხები, რომლებიც `სპექტრთან~ საუბარში ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია იბარებენ თუ არა ვენახის სარებს ჯართის მიმღებ პუნქტებში, თუმცა მუშებმა ამ საკითხზე არაფერი გვითხრეს და კომენტარისგან თავი შეიკავეს.
როგორც მევენახეები ამბობენ, მოპარული სარების გამო, დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. გაზეთი `სპექტრი~ მათი სტატისტიკითა და პრობლემით დაინტერესდა. საკითხის გასარკვევად შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ოფიციალურად შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
1. რამდენი საჩივარი შემოვიდა 2010-2011 წლებში ვენახის სარის ქურდობასთან დაკავშირებით? 2. რა მსვლელობა მიეცა საქმეს და რა შედეგით დასრულდა? 3. რა სადამსჯელო სანქციები და ღონისძიებები ხორციელდება დამნაშავეთა მიმართ? 4. აქვს თუ არა უფლება ჯართის მიმღებ პუნქტებს ჩაიბაროს ვენახის სარი, არიან თუ არა ვალდებულები რაიმე სახის დოკუმენტი მოითხოვონ? 5. თუ შესაძლებელია მოგვწერეთ რამდენიმე დაზარალებულის გვარი და სახელი.
აღნიშნულ უწყებიდან შემდეგი სახის პასუხი მივიღეთ:
"თქვენი მიმდინარე წლის 23 თებერვლის #20 მიმართვის პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ იმის გამო, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი თავის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის `ა~ და `ბ~ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული მასალები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას." ხელს აწერს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან ბიწკინაშვილი.
აღნიშნულის თაობაზე `სპექტრი~ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) დაუკავშირდა:
"შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გაზეთ `სპექტრის~ მიერ წარდგენილ კითხვებთან დაკავშირებით აღვნიშნავთ შემდეგს:
`სპექტრის~ განცხადებაში მოყვანილ ხუთივე პუნქტთან მიმართებაში შსს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის `ა~ და `ბ~ პუნქტები, თუმცა მხედველობაში არ მიიღო, ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი ნორმები.
შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში წარდგენილ განცხადებაში მოყვანილი პუნქტებიდან, სამმართველოს სრულებით თავისუფლად ისე, რომ არ დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შეეძლო და ევალებოდა წერილობით გაეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე:
1. რამდენი საჩივარი შემოვიდა 2010-2011 წლებში ვენახის სარის ქურდობასთან დაკავშირებით?- `სპექტრი~-ს მიერ მოთხოვნილი აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა სტატისტიკურ ინფორმაციას და შესაბამისად არანაირ კავშირში არ არის შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. ასევე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან.
2. რა მსვლელობა მიეცა საქმეს და რა შედეგით?- აღნიშნულ ნაწილში შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს `სპექტრისთვის~ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საანგარიშო პერიოდში შემოსული კონკრეტული რაოდენობის განცხადებიდან რამდენზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რამდენზე არა. რა ეტპზეა ის განცხადებები რომლებზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (მაგ. მიმდინარეობს გამოძიება, საქმე გადაგზავნილია სასამართლოში და ა.შ.) მოცემულ შემთხვევაში შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს `სპექტრისათვის~ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა სტატისტიკური სახით.
3. რა სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება დამნაშავეთა მიმართ?- განცხადების ამ ნაწილში შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს შეეძლო `სპექტრისათვის~ ეცნობებინა სტატისტიკური ინფორმაცი (რომელიც არ შეიცავდა პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს) თუ რამდენ განცხადებაზე მიმდინარეობს საგამოძიებო საქმიანობა, რამდენი საქმეა გადაგზავნილი სასამართლოში, რამდენი პირი იძებნება და ა.შ.
4. აქვთ თუ არა უფლება ჯართის მიმღებ პუნქტებს ჩაიბარონ ვენახის სარები? არიან თუ არა ვალდებულები რაიმე სახის დოკუმენტები მოითხოვონ?- განცხადების აღნიშნული ნაწილი საერთოდ არ განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციათა არცერთ კატეგორიას და შესაბამისად არც დახურულ ინფორმაციათა ცნების ქვეშ არ ექცევა. სხვა საკითხია რამდენად კომპეტენტური შეიძლება იყოს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო განცხადების აღნიშნულ ნაწილში გასცეს სჯარო ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, `სპექტრი~-ს განცხადების მე-4 პუნქტში მოყვანილ კითხვაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის `ა~ და `ბ~ ქვეპუნქტების მითითება არ არის გამართლებული.
5. თუ შეიძლება მოგვწერეთ რამდენიმე დაზარალებულის გვარი და სახელი- იმდენად რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია აღნიშნულ ნაწილში სცილდება ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს და ამავე დროს შეიცავს პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ამასთან გაზეთის რედაქციას ხელთ არ ჰქონია იმ პირების წერილობითი თანხმობა, რომლებიც ცნობილნი არიან დაზარალებულებად, შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს შეეძლო არ გაეცა აღნიშნული ინფორმაცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზეთ `სპექტრი~-ს რედაქციის მიერ საისათვის წარმოადგენილ ოთხ კითხვაში დასმულ საკითხებზე შეგვიძლია აღვნიშნოთ შემდეგი:
1. გაზეთი `სპექტრი~, ისევე როგორც ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია.
2. ინფორმაცია, სარების ქურდობის რაოდენობის შესახებ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
3. ერთადერთი პუნქტი, რომელზეც პასუხის გაცემისაგან თავის შეკავება შეეძლო შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ეს იყო განცხადების მე-5 პუნქტი.
4. წარდგენილი განცხადების ხუთი პუნქტიდან, შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს 1-4 პუნქტებზე შეეძლო ინფორმაციის გაცემა," _ განმარტავს საიას იურისტი სულხან სალაძე.
შეგახსენებთ, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხები ამბობენ, ვენახის სარების მოპარვის ფაქტები არცთუ ისე ცოტაა, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, მიუხედავად მისი საჯაროობისა, სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია.
მასალის გამოყენების პირობები