შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, 1985 წელს დაბადებული რევაზ თევდორაშვილი, რომელმაც 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი იმსხვერპლა, 13 სექტემბერს დააკავეს.
როგორც speqtri.ge-სთან საუბრისას შსს-ს პრესამსახურის თანამშრომელი განმარტავს, 17 სექტემბერს სასამართლოს მიერ რევაზ თევდორაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შსს ყოფილი თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი ბრალს აღიარებს.
როგორც სოფიკო სეფიაშვილის ოჯახის წევრები განმარტავენ, მათ შსს-ს ყოფილი თანამშრომლის დაკავების შესახებ ტელეფონით შეიტყვეს. მათთვის ცნობილია, რომ რევაზ თევდორაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ახლა შემდეგი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, 23:00 საათზე, სართიჭალა-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ სააკაძის ასახვევთან მოხდა. გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი მართავდა. შეჯახების შედეგად 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი გარდაიცვალა, მისი ოჯახის წევრები კი დაშავდნენ. „ფორდ ტრანზიტით“ სეფიაშვილების ოჯახის წევრები დასასვენებლად ქობულეთში მიდიოდნენ.
ამავე თემაზე:
ვინ იტყუება და სინამდვილეში როდის გაათავისუფლეს პიროვნება, რომელმაც სოფიკო სეფიაშვილი იმსხვერპლა?
მასალის გამოყენების პირობები