ვინ იტყუება და სინამდვილეში როდის გაათავისუფლეს პიროვნება, რომელმაც სოფიკო სეფიაშვილი იმსხვერპლა?
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის სოფიკო სეფიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
„პიროვნება, რომელიც აღნიშნულ მანაქანას მართავდა სამინისტროს თანამშრომელი იყო (ხელშეკრულებით იყო აყვანილი). მომხდარი ფაქტის შემდეგ მინისტრის გადაწყვეტილებით ის სამსახურიდან მეორე დღესვე გათავისუფლდა“, - განუცხადა ნინო გიორგობიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
26 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ, speqtri.ge-ს ჟურნალისტმა ჩაწერა ინტერვიუ გარდაცვლილ სოფიკო სეფიაშვილის დედასთან ნინო სეფიაშვილთან, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ შსს თანამშრომელი რომელმაც მისი შვილი იმსხვერპლა ისევ თანამდებობაზეა.
ჩვენ დაუკავშირდით შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რათა გადაგვემოწმებინა ინარჩუნებდა თუ არა თანამდებობას შს სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მზია ჭიტაიშვილმა განაცხადა, რომ 26 აგვისტოს მდგომარეობით, რევაზ თევდორაშვილი თანამდებობაზე იმ დრომდე დარჩება, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი.
„სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ამას, რომ ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის პასუხი და არ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა, მანამდე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს ჯერ,“ - განმარტავს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი. (აუდიო ჩანაწერი ინახება არქივში)
გათავისუფლების ბრძანების ასლის გასაჯაროვებისთვის შსს-მ 10 დღიანი ვადა ითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები