ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 2013 – 2014 წლებში GSM ფოტომახეების დახმარებით ორი ათეული სამართალდაღრვევის ფაქტი იქნა დროულად გამოვლენილი და აღკვეთილი.
„მიმდინარე წელს 3 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო შემთხვევა მაისის თვეში იყო. წინა წლებში კი იყო შემთხვევები, რომ გარდა ცალკეული სამართალდამრთვევებისა, ბრაკონიერების მთელი ჯგუფი დაგვიკავებია. იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიულად ვმუშაობთ და აქტიურად ვიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექნიკას როგორიც ფოტომახეებია, ბრაკონიერობის ფაქტები ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე წლიდან წლამდე კლებულობს“, - განმარტავს speqtri.ge- სთან საუბრისას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე.
მისივე თქმით, თავდაპირველად, ფოტომახეები მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვების მიზნით გამოიყენებოდა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ GSM სისტემით აღჭურვილი ფოტომახეები სხვადასხვა სახის კანონდარღვევის გამოსავლენადაც საკმაოდ ეფექტური იარაღია (უკანონო ნადირობა, უკანონო თევზჭერა, უკანონო ხე-ტყის ჭრა და სხვა.)
„მას შემდეგ, რაც ფოტომახეების საშუალებით დაფიქსირდება ნაკრძალის ტერიტორიაზე ბრაკონიერი, ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში ვახერხებთ მის დაკავებას. ფოტომახეები ჩვენი დაყენებულია და ზუსტად ვიცით სად ვეძებოთ დამნაშავე. შესაბამისად, ბრაკონიერი ვერ ასწრებს ნადირობას, რაც აისახება კიდეც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე. ამ ეტაპზე მატება გვაქვს“, - განმარტავს სულამანიძე.
გარდა ამისა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თქმით, იმდენად კარგად მუშაობს ფოტომახეები ბრაკონიერების გამოსავლენად, რომ ეს გამოცდილება სასაზღვრო პოლიციამაც გადაიღო, “საზღვრის ტეროტორიაზე განათავსეს ფოტომახეები და აქტიურად ახორციელებენ საზღვრის მონიტორინგს”.
2010 წლიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ დაიწყო ფოტომახეების გამოყენება. პირველი ფოტომახე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ იქნა შეძენილი და მხოლოდ ფირის დახმარებით მუშაობდა - ერთ ჯერზე 36 სურათს იღებდა.
2011 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით შეძენილ იქნა ციფრული ფოტომახეები, რომლის გადაღების რესურსი საკმაოდ მაღალი და ეფექტურია.
2013 წელს პირველად საქართველოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გამოიყენეს ონლაინ რეჟიმში მომუშავე ფოტომახე. ამ აპარატს GSM მოდული გააჩნია და გადაღებული ფოტოს მიწოდება ონლაინ რეჟიმში ხდება. სურათები პირდაპირ მიდის - ელ. ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე მულტიმედია შეტყობინების (MMS) სახით.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით შედარებით ახალი და ეფექტური საშუალებაა. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები