ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავასრულეთ ომების და რევოლუციების დრო, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება
სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი,
პროგნოზირებადობის ან განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან
რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“
ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა
არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის
განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს გრძელვადიანი
სტაბილურობის განცდა.
„უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და, რა თქმა
უნდა, ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ დავასრულეთ ომების და
რევოლუციების დრო, ჩვენ დავასრულეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის
პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომ
ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა დასადგურდა. ომმა რა ნგრევაც
მოიტანა, კარგად ვიცით და რაც ვნახეთ ომის პერიოდში და როგორც იმართა
ქვეყანა, თუ ამას მართვა ჰქვია. იმ მართლაც ეროვნული დონის კრიზისის
დროს, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გმირულად იღუპებოდნენ, მათ შორის
თავი გაწირეს და ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს, მათ შორის
სამოქალაქო პირებმა, მაშინაც ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების რეალური
სახე. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენი ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგად
ხედავს და კარგად ესმის და სწორ არჩევანს გააკეთებს. ხალხი არჩევს
შავს და თეთრს, სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს ამიტომ 2
ოქტომბერს ჩვენ ყველანი მობილიზებულად მივალთ და ჩავატარებთ ძალიან
მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და არავის არ მივცემთ პროვოკაციის
მოწყობის საშუალებას, გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და
გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ
ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ეკონომიკის
განვითარების დინამიკა იმედისმომცემია.
„12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც უპრეცენდენტოა
მთელს რეგიონში და ეს არ არის შემთხვევით მიღწეული შედეგი. ეს არის
სწორედ ჩვენს მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომ გავხსენით ქვეყანა
ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ჩვენს ბიზნესს, მეწარმეებს ჩავუსახეთ
იმედი და სტაბილურობის განცდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან
ამბიციური გეგმები გვაქვს შემუშავებული ყველა რეგიონის განვითარების
მიმართულებით. 32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, მომდევნო წლების
განმავლობაში, რომ თანაბრად განვითარდეს ყველა რეგიონი და ერთხელ და
სამუდამოდ, იყოს მოწესრიგებული გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა, რომ
არც ერთ ქალაქში აღარ იყოს წყლის პრობლემა, არც ერთ სოფელში აღარ იყოს
წყლის პრობლემა და რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე
დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“
პროგრამა.
გვინდა, რომ ეტაპობრივად , ურბანული განახლების ფარგლებში,
გავალამაზოთ, მოვეფეროთ, მოვუაროთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, შენობებს,
ისტორიულ ძეგლებს, სკვერებს, ბაღებს, შევქმნათ ახალი ტურისტული
ლოკაციები. ეს პროგრამა არის მრავალწლიანი, წელს დავიწყეთ, 500
მილიონი ლარი ჯდება აღნიშნული პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში
შეიქმნება თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ჩვენი საერთო
ამოცანა უნდა იყოს კარგად მოვლილი ქალაქები, სოფლები,
მუნიციპალიტეტები. ასევე, ვგეგმავთ ტურიზმის მიმართულებით ძალიან
მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. აღვადგენთ როგორც არსებულ
ძველ ტურისტულ ლოკაციებს, ასევე, ახალი ტურისტული ცენტრების შექმნაზე
ვმუშაობთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ თითოეული რეგიონის და
მუნიციპალიტეტის დონეზე რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს -
თითოეულ მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტს, ანუ მთელი ქვეყნის
მასშტაბით იქნება ათეულობით პროექტი, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული
მიზიდულობის ცენტრები, კერები, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და
მთლიანობაში ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები