ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვჭირდება უანგარო, პატიოსანი მშრომელი ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას და არა რევანშისტები
ჩვენი მთავარი საზრუნავი არის და იქნება მხოლოდ განვითარება, მხოლოდ
განვითარება გვჭირდება, მხოლოდ შრომა და საქმე, აი, ეს უნდა იყოს
ჩვენი მთავარი საზრუნავი, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“
მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სწორედ უანგარო,
პატიოსანი და მშრომელი ადამიანები სჭირდება, რომლებიც 24 საათის
განმავლობაში მოემსახურებიან მოსახლეობას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა შევახსენოთ ჩვენს ოპონენტებს
მათ მიერ ხშირ შემთხვევაში გააზრებულად ჩადენილი მძიმე დანაშაულები,
მაგრამ, მეორეს მხრივ, მთავრობა, ყველა - როგორც ცენტრალური, ისე
ადგილობრივი უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ
საჭიროებებზე. სწორედ მერი უნდა იყოს გამორჩეული ამ მხრივ. მერი უნდა
იყოს ჩვენი მოქალაქეების მსახური. ადგილზე, ყველა დონეზე, ყველა
სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს მერი და მოისმინოს, ადგილზე
გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა და ყველა გასაჭირი. ასეთი ხალხი
გვჭირდება ჩვენ დღეს მთავრობაში.
ასეთი კაცი არის ჩვენი დღევანდელი მერი დათო გოგუა, რომელიც
გამოირჩევა წესიერებით და პატიოსნებით და საქმით. სიყვარულით თავისი
მშობლიური კუთხისადმი, საკუთარი მშობლიური მხარისადმი და საკუთარი
ხალხის მიმართ მას აკავშირებს დიდი სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ
ასეთი ხალხი გვჭირდება მეგობრებო - უანგარო, პატიოსანი მშრომელი
ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს
მოსახლეობას და იზრუნებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და არა
რევანშისტები, ავანტურისტები და პროვოკატორები. რა თქმა უნდა, მათ
გარდა ჩვენ სხვებიც გვყავს მრავლად, მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი
წევრებიც და ა.შ., მათზე არ მინდა საუბარი, ვინაიდან ეს ჩვენთვის
ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი, რომელიც არის
დაფუძნებული იმ პრინციპებზე, რომელიც მე ჩამოვთვალე - ეს არის
ერთგულება, ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ღირსება. ამ პრინციპებს ჩვენ
ვერავინ შეგვაცვლევინებს. ასე მტკიცედ და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ
ჩვენი ქვეყნის წინსვლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები