ირაკლი ღარიბაშვილი - ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე
ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ
პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და
კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე; მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი
უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს
პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის
წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა, 2020 წლის
არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი
ბრალდებებითა და პროვოკაციებით, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს
პარლამენტის მუშაობას, რითაც მათ პრაქტიკულად დააზიანეს ქვეყნის
საერთაშორისო იმიჯი, ვინაიდან დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს
არჩევნები გაყალბდა.
„ამ დროს მილიონმა ადამიანმა, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“
მმართველობას. შემდეგ, მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების - შარლ
მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ
ეს მავნებლები შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ
მორიგი პროვოკაცია მზადდება - გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ,
წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა
სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ. ყველას ვეუბნები, ჩვენი
მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას
არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ
პირობებში ჩატარებაზე. მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა
ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ
მივიღეთ და გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. ასევე, ჩვენ გვჭირდება
მობილიზება ჩვენს ამომრჩეველს, კოორდინატორებს, აქტივისტებს, რომ
არავის მივცეთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების საშუალებას.
არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ, გამჭვირვალე
პირობებში. ამას გარდა, მე გამოვედი ინიციატივით და ჩვენი პოლიტიკური
გუნდი სრულად გვიჭერს მხარს, ჩვენი პარტია და ასევე ცესკო გამოეხმაურა
ამ ინიციატივას, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში. ჩვენ
დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და დავუწყეთ
კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა და ეს ჩვენი პარტიით
დავიწყეთ. ჩვენ ცესკოს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და
თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ
წარმატებულად მიმდინარეობს. გუშინ და გუშინწინ ჩვენ გვქონდა რეკორდული
აცრები, 30 ათასს გადააჭარბა 24 საათში ჩატარებული აცრების
რაოდენობამ, რაც სასიხარულოა, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა“, - აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები