ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ
არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის
გაკეთება.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“
იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან
ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს
დააგვირგვინა ანტისემიტიზმით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ
ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის
ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ
მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი
შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი. შეურაცხმყოფელი გამონათქვამები,
რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული
ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის - ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ,
არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.
ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი - ეს არის გზა
ტოტალიტარიზმამდე.გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“
ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ,
აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე... ეს არის
შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების
მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ.
მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ
განვაცხადო, რომ:
არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის;
სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ
მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე;
დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური
მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას!
მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს
პრინციპულ არჩევანს!
მასალის გამოყენების პირობები