სალომე ზურაბიშვილი - ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ და მაინც ლანძღავენ [R]
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ,
ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ
ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ,
ერთმანეთსაც ლანძღავენ.
ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე
ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი
აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა
შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი
ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,
ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის.
„ეს ადამიანები, რომლებიც დადიან ჩვენ შეხვედრებზე და არღვევენ ყველა
წესს, არიან ჩამოყვანილები სხვა ქალაქებიდან. მათ არ აქვთ ბევრი
სათქმელი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ამიტომ მაინტერესებდა, როგორ
გააგრძელებდა. დღეს, ასევე შემჩნეულია ყოფილი გამგებლის მოადგილე ანუ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც არღვევდა საარჩევნო წესებს და
გარემოს. ეს არ არის ახალი, ეს არის იმ პარტიის ხელწერა, რომელმაც ვერ
ისწავლა მოქცევა.
თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც
ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში
რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ
ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება,
კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე
ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი
ოპონენტები.
ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების
ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე
რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე
ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ
გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ
გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ
იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, – განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები