კახა კალაძე: თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვერასდროს ვერავინ დაგვამარცხებს [R]
„მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,
რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს“,
- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის
მერობის კანდიდატმა, კახა კალაძე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ
შეხვედრაზე განაცხადა.
მერობის კანდიდატმა ზოგად ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
პოლიტიკური კულტურა, რომელიც ერთმანეთის ქილიკსა და შეუარცხყოფაზეა
დაფუძნებული, წარსულს უნდა ჩაბარდეს, ხოლო პოლიტიკურმა ოპონენტებმა,
ნაცვლად ერთმანეთში განსხვავებების პოვნისა, უნდა იპოვონ ის, რაც მათ
გააერთიანებს.
„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც გვაერთიანებს, თუნდაც ტოლერანტობა.
მართლაც მეამაყება, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც
ადამიანებს ეროვნებას და სარწმუნოებას არ ეკითხებიან. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი და სამაყოა“, - აღნიშნა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ამ კუთხით სამი მიმართულება გამოყო. მისი
განმარტებით, პირველი ეს არის საერთო წარსული, რაც გამოხატული უნდა
იყოს წარსულზე ზრუნვაში და სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში დაგეგმილი აქვს ძველი თბილისის რეაბილიტაცია, რისთვისაც,
დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.
წარსულზე საუბრისას კახა კალაძემ უფროსი თაობის მიმართ სიყვარული და
პატივისცემაც ახსენა. მისი თქმით, მას, წინა ხელისუფლებისგან
განსხვავებით, ამ ადამიანების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვს და
მიიჩნევს, რომ სწორედ მათი დახმარებით, რჩევებითა და გამოცდილების
გაზიარებით მიაღწია წარმატებას ენერგეტიკის სფეროში და მომავალშიც
მზად არის მათთთან თანამშრომლობისთვის.
მეორე მიმართულება, რაც საზოგადოებას აერთიანებს, კახა კალაძის თქმით,
საერთო აწმყო, მისი გააზრება და გაანალიზებაა. მერობის კანდიდატმა
ბავშვობა და 90-იანი წლების მძიმე სოციალური ფონი გაიხსენა და
აღნიშნა, რომ მადლიერია ღმერთის, რათა შესაძლებლობა მიეცა გაჭირვება
გამოეარა, რადგან იმ მდგომარეობამ მას ბევრი რამ ასწავალა. „დღეს უფრო
მეტი შემართება და სურვილი მაქვს იმისა, რომ ვისაც ყველაზე ძალიან
უჭირს, შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარო და გვერდით დავუდგე“, -
განაცხადა კალაძემ.
ერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას მერობის კანდიდატმა 2015 წლის 13
ივლისის სტიქია თბილისში, დიდი ადამიანური დანაკლისი და
საზოგადოებრივი სოლიდარობაც გაიხსენა.
მესამე გამაერთიანებელი ფაქტორი, კახა კალაძის თქმით, არის მომავლის
იმედი, მისი საერთო ხედვა, ის, რაც კეთდება ყოველდღიურად მომავალი
თაობისთვის. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ყველაფერი უნდა
გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს თბილისში იცხოვროს,
სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული
ინფრასტრუქტურა, განახლებული ტრანსპორტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილია
მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, კერძოდ, დედაქალაქში
აშენდება განათლების ხუთი პარკი, სადაც ახალგაზრდებს კვალიფიციური
განათლების მიღების საშუალება ექნებათ.
„ჩვენ თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ჩვენ
ვერასდროს, ვერავინ დაგვამარცხებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა
ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ვინც
ვერ მოახერხა მოსვლა, ვინც გვისმენდა, ვინც ვგულშემატკივრობს, ვისაც
ჩვენი იმედი აქვს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გითხრათ. მე
შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გაავაკეთებ იმისთვის, რომ
ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს. ვიცი,
რომ პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც ვიცი, ერთად დგომით რამდენი
რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მე ჩვენი ერთობის იმედი მაქვს და მინდა
ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით
სავსე ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები