აუცილებელია მოსახლეობის დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე
შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი
სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის
ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს
თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და
შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში
დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა
სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22
ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15.
დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.
სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200
მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე
გამოყვანილია 142 ადამიანი.
გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის
საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული
ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე,
განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ
ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება.
აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ,
მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და
შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ
მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე“,-
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები