ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე
საუბარს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს.
ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული
მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების
საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც
ხელისუფლებაში მოვედით, - პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას.
"ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს
სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს
სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა
წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ
საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ
მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები,
უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს
არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც
შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი
გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა,
ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", ბოლო 30 წლის
განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის
პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და
სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე", -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე- ენდობოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინს,
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას პუტინთან კონტაქტი 2012 წლის
შემდეგ არ ჰქონია.
"ჩვენ კონტაქტები არ გვქონია, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის
შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ
ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა,
რომელშიც ვცხოვრობთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები