“თავს შევიკავებ სპეკულაციებისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება
საქართველოსთან დაკავშირებით – იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები თუ
მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე – ერთი პრინციპული დასკვნა
უცვლელი იქნება საქართველოსთვის – დროა, საქმეს შეუდგეს. ეს საქმე
იქნება დაეწიოს მატარებელს, რომელიც ბაქანიდან გადის და დარწმუნდეს,
რომ აღებული მატარებლის ბილეთი შემდეგ სადგურზე მიგიყვანთ”,-
განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა
კონფერენციაზე: „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი
გავლენა საქართველოზე“.
- ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგათი ავრცელებს.
ელჩმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაძლიონ პოლარიზაცია, რადგან
ახლა არ არის დრო დაბრალებების, დროა გრძელვადიანი პროცესისთვის
მოსამზადებლად.
როგორც ჰარცელი ამბობს, საქართველოს “შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ
ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო
შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით".
"დემოკრატიული არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა და მის შემდეგ
განვითარებული მოვლენები, უმცირესობების უფლებების და ჟურნალისტების
დაცვა... საიდუმლო მოსმენების პრაქტიკა, ადამიანის უფლებებისა და
კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული
ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის
მექანიზმების გამართულობა”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს, უკრაინისა
და მოლდოვის განაცხადზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება დისკუსია
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ვიდრე საბჭო გადაწყვეტილებას
მიიღებს.
ცნობისთვის, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების
კითხვარის შევსებული
პირველი ნაწილი საქართველომ ევროკომისიას 2 მაისს
გადასცა,
მეორე ნაწილი კი - 10 მაისს.
მასალის გამოყენების პირობები