2022 წლის 29 მაისიდან ბელარუსში ტერორისტული აქტებისა და
თავდასხმების ჩამდენ პირებს დახვრეტენ.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა „настоящее время“
ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბელორუსის სისხლის სამართლის კოდექსში
შესატან ცვლილებებს ხელი ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ
ლუკაშენკამ მოაწერა.
ბელარუსის კანონი დასჯის უმაღლეს ზომას- სიკვდილით დასჯას შემდეგ
დანაშაულებზე ითვალისწინებს:
• 124-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს ან
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ);
• 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საერთაშორისო ტერორიზმის აქტი);
• 289-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი
ტერორისტული აქტი, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით ან
რადიოაქტიური ნივთიერებების, ან ბირთვული მასალების, ძლიერი
ტოქსიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით, რასაც
ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
• 359-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის
მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მის სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების
მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით).
სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ
სიკვდილით დასჯა წესდება "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტას
დამამძიმებელ გარემოებებში."
სიკვდილით დასჯის წესში ცვლილების საკანონმდებლო პროექტი
თავდაპირველად 27 აპრილს, 2 მოსმენით, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის
წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა დაამტკიცეს. 4 მაისს დოკუმენტი
განიხილა და ასევე ერთხმად დაამტკიცა რესპუბლიკის საბჭომ.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში
სიკვდილით დასასჯელთა სიის გაფართოება უკავშირდება ე.წ. "სარკინიგზო
პარტიზანებს", რომლებიც ბელორუსის რკინიგზაზე მოძრაობის დაბლოკვით
ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის მიმართულებით სამხედრო კოლონების
გადაადგილებას.
მიღებულ გადაწყვეტილებას ბელარუსში ჰელინკის კომიტეტი, ადამიანის
უფლებათა ცენტრი-„ვიასნა“ და მოძრაობა - „"უფლებადამცველები სიკვდილით
დასჯის წინააღმდეგ" ეწინააღმდეგებიან და სიკვდილით დასჯის
გაფართოებული მეთოდის გამოყენებას დაუშვებელს უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები