ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი სამაგალითო, თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები იყოს
ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები
ერთ-ერთი სამაგალითო, თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები
იყოს , რათა არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს- ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის
დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში
განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ადგილებზე გარკვეული
პროვოკაციებია მოსალოდნელი, პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული
და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღკვეთენ.
„სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ,
კონკურენტულ პირობებში. მე გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა
გავიმეორო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გასაგონადაც, რომ ჩვენი
მთავარი ამბიცია არის , რომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სამაგალითო
არჩევნები იყოს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ეს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, რომ არავის
არავითარი კითხვა არ დარჩეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ არჩევნების
დღეს, პოლიცია სრულად მობილიზებულია, რომ არავითარი ექსცესი, რამე
პროვოკაცია არ მოხდეს. ჩვენ არაერთგზის გავავრცელეთ განცხადება, რომ
მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები სხვადასხვა ადგილებზე, უბნებზე,
მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია
მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე
აღვკვეთთ. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ქაოსი შემოიტანოს
არჩევნების დღეს. მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენი პარტიის
მხარდამჭერებს, ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ ამ პროვოკაციებს
ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდად დავასრულოთ არჩევნების დღე“,- განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები