ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენი ხალხი შიგნით გაერთიანებული არ არის და ჩვენ აბსოლუტურად უსაგნო, უშინაარსო კამათებს ვმართავთ
ჩვენ სტაბილურად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, რაც ერთის მხრივ არის
ძალიან საპატიო, მაგრამ პირველ რიგში ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა
ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“
მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ერთგულებისთვის
მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები მარტვილს და მარტვილელებს, ჩვენს საპატიო და საამაყო
ხალხს, დიდი პატივისცემით და მადლიერებით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს
აქ ყოფნა, ამ ულამაზეს და ისტორიულ ადგილას. ჩვენ, ქართველები და
მეგრელები, ვამაყობთ მარტვილით, ამ ისტორიული ადგილით, რომელმაც ჩვენი
საამაყო შვილები აღგვიზარდა. ამბობენ, რომ ანდრია პირველწოდებულის
მიერ ერთ-ერთი პირველი ტაძარი აქ დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი
ქრისტიანული ცენტრი იყო სწორედ მარტვილი. დიდი სიამაყით უნდა
გავიხსენო ასევე გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც ძალიან დიდ როლს
თამაშობდა იმდროინდელი საქართველოს გაძლიერებაში, კერძოდ ჩვენი
საამაყო მეფის, დავით აღმაშენებლის აღზრდის საქმეში. ასევე დიდი
სიამაყით უნდა გავიხსენო ჩვენი პატრიარქი ამბროსი ხელაია და მისი
გმირული, სამაგალითო, პატრიოტული მოღვაწეობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი
ჩვენი დიდი წინაპრებისა და გმირების წინაშე. რაც შეეხება დღევანდელ
დღეს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და მადლობა თქვენი
ერთგულებისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. თქვენი
მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენმა დიდმა პოლიტიკურმა
ორგანიზაციამ, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 7 არჩევნებში ღირსეული
გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ სტაბილურად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, რაც
ერთის მხრივ არის ძალიან საპატიო, მაგრამ პირველ რიგში ეს არის
უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, -
განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოსახლეობას ჯერ კიდევ არაერთი
სირთულე აქვს გადასაჭრელი.
„არაერთი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორიცაა პანდემია,
მაგრამ ვფიქრობთ, პანდემია არის დროებითი მოვლენა. ჩვენ
განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის გაერთიანების
მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე წარმოუდგენლად
მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და რეალურად ფეხზე დაყენება. ეს
არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, ბარიერი ჩვენი
გაერთიანების, ასევე ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანების. ერთ-ერთი
მთავარი პრობლემა და ტკივილია, რომ დღეს ჩვენი ხალხი შიგნით
გაერთიანებული არ არის და ჩვენ აბსოლუტურად უსაგნო, უშინაარსო
კამათებს ვმართავთ და ხალხს მოვაბეზრეთ ამდენი გაუგებარი პოლიტიკური
კინკლაობა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსარგებლოა. მეორეს მხრივ,
ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას არ აქვს რეალური
დღის წესრიგი, რეალური შემოთავაზება, განვითარების ხედვა, რომელიც
სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონებს, ქალაქებს,
მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები