ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ კიდევ შემოტანაზე
ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა,
კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“
კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ
შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას,
ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ
, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული
ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას
განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა უახლოეს
10 დღეში ჩატარდება.
„აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ
ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი
ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს,
მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს
კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2
მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი
ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი
გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება
რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ
მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ
აჟიოტაჟს, სპეკულაციას, ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად
მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ჩვენ ყველამ
ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ
ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი
პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს
მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ჩვენი ათასობით
მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა,
ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ.
სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია
ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება
ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად
ეკონომიკის ზრდის ტემპს“, - აღნიშნა პრემიერმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები