ირაკლი ღარიბაშვილი - ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი
მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური
პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული
ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1
700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი და ეს
არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს
მხარეს.
„აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში.
ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან
მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც
ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე
მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ
პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი,
რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.
მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის
მეურნეობის მიმართულებით. ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი
მთელი რეგიონების განსავითარებლად. ასევე დავიწყეთ ურბანული
განახლების პროექტები, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტსა და
ქალაქში ევროპული ტიპის ცენტრების, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და
ტურისტული ადგილების მოწყობას. ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი
მიმართულება, არის კიდევაც ასე, იმიტომ, რომ ბუნებრივად, საქართველოს
აქვს მიზიდულობა და ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ რეკორდული რაოდენობის
ვიზიტორი მივიღეთ 2019 წელს, 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა
საქართველოში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს პროცესი შეაფერხა და
შეანელა. მიმდინარეობს ტენდენცია და ეკონომიკის აღდგენა, რაც გვაძლევს
ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც
ვიყავით და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში. ამისთვის
გვჭირდება უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი,
ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა
გადავაქციოთ ყველა მუნიციპალიტეტი და რაიონი. განვითარება უნდა
შევიტანოთ ყველა რეგიონში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და
მისწრაფებები.
განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და არის ჩვენი
მთავრობის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანხა იქნა მობილიზებული,
ჩადებული და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ, ახალი სკოლების და
ზოგადად, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას. ყველა
მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, იმისთვის,
რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ადგილზე, ახალი სპეციალობის დაუფლების
საშუალება. 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, 250 -
რეაბილიტირდა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. წინ კიდევ უფრო
მეტი გამოწვევა გვაქვს. 800 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 800
სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტებით. ამ და
სხვა პროექტებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ“, -
აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები