ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს
გაეცნენ. ახალ ფორმატში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი
კალანდარიშვილმა გახსნა.
მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის
მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე
საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია მზად არის
ელექტრონული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
ჩასატარებლად. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო
მისიების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესზე
დაკვირვებისათვის.
“პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დროა
დარჩენილი. ჩვენ, როგორც გამჭვირვალე და საჯარო უწყება, მაქსიმალურად
ვაწვდით ჩართულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას თუ როგორ ვემზადებით
და რას ვაკეთებთ არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად.
შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ საერთაშორისო და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლთა ინფორმირება იყო. ახლა, როდესაც
არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის
პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა, მათი რეკომენდაციები თუ მოსაზრებები
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი
კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღესვე ცესკოს იურიდიული, სტრატეგიული კომუნიკაციების და საარჩევნო
პროცესების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ღონისძიების
მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს როგორც პირველი ოქტომბრის
შუალედური/რიგგარეშე, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის
საარჩევნო ადმინისტრაციის გაწეული და სამომავლო საქმიანობების
შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების
სერტიფიცირების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო
ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში სამართლებრივი ბაზის
გასაუმჯობესებლად შესრულებული სამუშაოებისა და ამომრჩეველთა
ინფორმირების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიების
შესახებ.ასევე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების
რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა შეხვედრაზე
განხილული საკითხები შეაჯამეს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები