2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის
90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. - ამის
შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის
დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული,
გაციფრულდება ბიულეტენები.
„დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის
თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას,
ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი
განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას
საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს
ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ
საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ,
დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“ -
განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებით, სხდომა
მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს
წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც
მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება,
რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის.
როგორც ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძე ამბობს, აღნიშნული
გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა
ნდობის ამაღლებას, რადგან ამომრჩევლეთა თითქმის 90%-ისთვის
ჩატარდება.
„განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი.
საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში
ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი
განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში
ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად
ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას
და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო
პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“.
ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი
თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე
არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და
ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და
საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20
კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული
საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო
კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო
ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების
ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების
საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი
ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და
მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
როგორც ცესკოში განმარტავენ, 2024 წლამდე, ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება მიმდინარე
წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც.
მასალის გამოყენების პირობები