ორ ოქტომბერს ამომრჩევლები, მუნიციპალიტეტების მერების გარდა,
საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატებსაც აირჩევენ.
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები პოლიტიკურმა პარტიებმა: გახარია „საქართველოსთვის“,
„ევროპულმა საქართველომ“, პარტია „ქართულმა ოცნება“ და „ნაციონალურმა
მოძრაობამ“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს
პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლელომ“ დაარეგისტრირეს.როგორც გამოიკვეთა,
გენდერული ბალანსი ნაკლებად არის დაცული, ქალი კანდიდატების უმეტესი
ნაწილი, ძირითადად, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობისთვის, მთლიანობაში,
45 კანდიდატი იბრძოლებს, აქედან ქალი მხოლოდ ოთხია, - ორი
„ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ერთიც
„ქართული ოცნებიდან“.
სიღნაღში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ნაციონალურმა
მოძრაობამ, „ქართულმა ოცნებამ“, „გახარია საქართველოსთვის“,
„ევროპულმა საქართველომ“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -
საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. მთლიანობაში, 42
კანდიდატიდან 9 ქალია. აქედან 4 „ევროპულმა საქართველომ“, 3
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ორი „ქართულმა ოცნებამ“
დაარეგისტრირა.
საგარეჯოში სულ 38 კანდიდატია, აქედან 7 ქალია. აქ ყველაზე მეტი -
ხუთი ქალი „ნაციონალურმა მოძრაობამ “ წარადგინა. ერთი კანდიდატი
„პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ერთიც „ლელოს“ ჰყავს.
თელავის მუნიციპალიტეტში სულ 49 კანდიდატია, აქედან მხოლოდ 9 ქალია.
ყველაზე მეტი რაოდენობით, 7 ქალი - პარტია „ევროპულმა საქართველომ“
წარადგინა. ერთი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო ერთიც მმართველმა
პარტიამ დაარეგისტრირა.
ლაგოდეხში სულ 30 მაჟორიტარი კანდიდატია, აქედან 3 ქალია. ორი ქალი
კანდიდატი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, ხოლო ერთი „მესამე
ძალამ“ წარადგინა.
დედოფლისწყაროში 23 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 4
ქალია. მათგან სამი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ერთი -
„ევროპული საქართველოდან“.
ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ოთხმა პარტიამ
დაარეგისტრირა. სულ 33 კანდიდატია, აქედან ქალი მხოლოდ ორია, - ერთი
პარტია „გახარია საქართველოდან“, ერთიც - „პატრიოტთა ალიანსიდან“.
რაც შეეხება ახმეტას, აქ საკრებულოს დეპუტატობისთვის 31 კანდიდატი
იბრძოლებს, აქედან ხუთი ქალია. ორი „ნაციონალური მოძრაობის“, სამი კი,
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატია,.
მთლიანობაში, კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის 291
კანდიდატია, მათგან 248 კაცი და 43 ქალია დარეგისტრირებული.
დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი თვითმმართველობის არჩევნებზე, -
ამის შესაფასებლად „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა
პავლიაშვილს მივმართეთ. როგორც მან speqtri.ge-ს განუმარტა,
მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში უფრო მეტი ქალი უნდა იყოს.
„კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმი, რითაც
ხელს შეუწყობს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას. საარჩევნო
კოდექსში აისახა სავალდებულო კვოტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყოველ სამეულში ერთი
განსხვავებული სქესი უნდა იყოს წარმოდგენილი.
სავალდებულო კვოტა ჩვენ გვაქვს პროპორციულ სიებში. წინააღმდეგ
შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია მას არ დაარეგისტრირებს და
ხარვეზს დაუდგენს.ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარულ ნაწილში
გენდერული კვოტა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, პარტიებმა
თავიანთი შიდა დემოკრატია უნდა განავითარონ იმ კუთხით, რომ მეტი ქალი
იყოს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში.ჩვენ შეგვიძლია, დღევანდელი
მონაცემები შევადაროთ 2017 წლის მოწვევის არჩევნებს ადგილობრივ
დონეზე. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახოთ, არის თუ არა
გარკვეული ზრდა არის გენდერული კუთხით, როგორც ცენტრალურ, ასევე
ადგილობრივ დონეზე.“
მისივე თქმით, მაჟორიტარულ სიებში „ქართულ ოცნებას“ უფრო ნაკლები ქალი
ჰყავს დასახელებული, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალას.
„ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ნაკლები რაოდენობის ქალი ჰყავს
მაჟორიტარული სიით წარდგენილი, ვიდრე სხვა პარტიებს. პატრიარქალური
დამოკიდებულება და მენტალიტეტი არ აძლევს ქალებს საშუალებას, უფრო
აქტიურად გამოვიდნენ პოლიტიკაში.მიუხედავად იმისა, რომ განათლება
ხელმისაწვდომია საქართველოში, ვხედავთ, რომ ეკონომიკურად ისინი არ
არიან თანასწორ მდგომარეობაში, კაცებთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა,
მაჟორიტარულ არჩევნებზეც აისახება.პარტიები ყოველთვის ცდილობენ, ისეთი
კანდიდატები დაასახელონ, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ კამპანიის
წარმოება, აქვთ დამოუკიდებელი რესურსი და მას სწორად წარმართავენ,
ხარჯავენ წინასაარჩევნო პერიოდში.
შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს მთლიანად იმ გარემოზე, რომ ქალები
ნაკლებად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისინი არ არიან დასახელებული იმ
რაოდენობით, თუნდაც მაჟორიტარულ შემთხვევაში, რა რაოდენობითაც ჩვენ
ვისურვებდით.პოლიტიკურმა პარტიებმაც და მმართველმა გუნდმაც უნდა
აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე
იქნება ორიენტირებული.“
ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების
როლი არსებითად მნიშვნელოვანია.
„ადგილობრივი თვითმმართველობა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას
მოუგვაროს პრობლემები, მათი პრიორიტეტების მიხედვით. ამისთვის
საჭიროა, საკითხი ორმხრივად იყოს დანახული.ქალებს უფრო განსხვავებული
ხედვა და აზრი აქვთ გარკვეულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია
მოსახლეობისთვის. შესაბამისად, გენდერულ მესიჯებს ჩვენ ვერ
დავინახავთ, თუ არ გვეყოლება მეტი ქალი პოლიტიკაში,“ -ამბობს „ღია
სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი.
სტატია
ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”
პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის
შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები