კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე [R]
კარგად იცით, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონი,
არამედ მთელი თბილისი მთლიანად იყო მიტოვებული. ადამიანებს არ ჰქონდათ
განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული
ნიჰილიზმი. 2012 წლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა
უკეთესობისკენ.
დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა,
უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავის შესაძლებლობის
ფარგლებში.
რადგან დღეს ჩვენ ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, მე როგორ ქალაქის
მერს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული
ძალიან კარგი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში და
ყველას კარგად გვახსოვს, წლების განმავლობაში აქ რა მდგომარეობა იყო
და რა უმძიმესი სიტუაცია სუფევდა. თუმცა, დღეს მართლაც თვალს და გულს
უხარია არსებული მდგომარეობა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ამ
პარკის სრული რეაბილიტაცია და უბედნიერესი ადამიანი ვარ იმით, რომ
ყოველდღიურად უამრავი ახალგაზრდა, ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს
ამ რეკრეაციული სივრცით, რომელიც ძალიან მნიშნელოვანია ნაძალადევის
რაიონისთვის.
ასევე დღეს მინდა გავახმაურო სიახლე ერთ ძალიან მნიშნელოვან პროექტთან
დაკავშირებით, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება.
მხედველობაში მაქვს თემქის ხევის რეაბილიტაცია- განახლება. პროექტი
უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში
გამარჯვებული, ვინც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას.
დაახლოებით 35 მილიონი ლარი დაჯდება და ორი წლის განმავლობაში
მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული, განახლებული და ქალაქს
შეემატება კიდევ ერთი ძალიან მაგარი, რეკრეაციული, დასასვენებელი
სივრცე, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული.
ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენს მიდგომასა და დამოკიდებულებაზე, თუ
როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი
თბილისი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები,
ჩვენთვის ყველა უბანს, ყველა ქუჩას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა
და ბიუჯეტის გადანაწილება ხდება თანაბრად.
აქაც ძალიან მარტივი სტატისტიკა მინდა მოვიყვანო. 2014 წელს
ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 13- 14 მილიონი იყო, დღეს
24-25 მილიონია და რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ
უფრო გაიზრდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში
ცხოვრება ყველასათვის იყოს კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპროტის
განახლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, მომდევნო
წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, მე არ
მავიწყდება და ძალიან კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს
ნაძალადევის რაიონს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მაგარი პროექტი
გაკეთდა, ბევრი გზა დაიგო, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ჯერ
კიდევ არსებობს ქუჩები, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები, სადაც
სერიოზული პრობლემები გვაქვს. გვაქვს შენობა- ნაგებობები, რომელთაც
სჭირდება გამაგრებითი ღონისძებები. არსებობს ქუჩები, სადაც მიწისქვეშა
კომუნიკაციებია მოსაწერიგებელი, კეთილმოწყობა არის გასაკეთებელი,
ახალი ბაღებია ასაშენებელი.
მინდა, ასევე დავავანონსო მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც
წლის ბოლოს დაიწყება და მომდევნო წელს მთლიანად დასრულდება.
მეგობრებო, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ქვეყნის განვითარება, ქალაქის
განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, მშვიდობის,
სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია იყოს მიღწევადი.
ამიტომ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის უნარი,
აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და
ქვეყნის სწრაფი განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული
საქართველო“.
ჩვენ გამარჯვებამდე დაგვრჩა 3 დღე. უნდა დავირაზმოთ ყველანი და ხმა
უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა
და გამარჯვებას.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
მასალის გამოყენების პირობები