გიორგი გახარია - მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული [R]
მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია
ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და
როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს
პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს
, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,
მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მცხეთა სრული ასახვაა ამ ქვეყნის
და საქართველოს ისტორიის.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა, მცხეთაში, მუზეუმად
ქცეულ ქალაქში, რომელიც სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის.
შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა.
შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე,
ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან - ჩვენს
დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და
სვეტიცხოველი. აქედან თქმული, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ
იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი,
სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს.
ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად
ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საერთოდ,
საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს
ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ
მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა
გვესმოდეს და გვახსოვდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა
ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ეკონომიკური
კრიზისისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც
გაჩერდება.
„უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული რომელიც
ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ
მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი
საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ
სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და 4000 ჰექტარი მიწა
მოირწყვება დამატებით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ბევრია
გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში
ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური
პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის
და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ასევე, ნატახტარი-ჟინვალის 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს
ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის“, - აღნიშნა მთავრობის
მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს აქვს
უდიდესი მნიშვნელობა.
„სამწუხაროდ, წელს, ამ გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო,
თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ, დღესაც
გვქონდა ბევრი შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებული
ადამიანების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს,
ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ
გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ
თითოეულ სამუშაო ადგილსაც. 6 თვე გამოვიარეთ ერთმანეთთან ნდობით,
ღიად, პირდაპირი საუბრით. ჩვენ, ჩვენს ხალხთან არაფერი დასამალი არ
გვაქვს და არც ის გვაქვს ბევრი სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, იმიტომ,
რომ ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ,
ესეც არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი
საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ, მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და
ამიტომ, მთავრობა ორიენტირებული იქნება ეფექტურ, სწრაფ განათლების
რეფორმაზე.
მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ
რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. მცხეთა მუზეუმის გარეშეა
და ამ ხალხის დამსახურებაა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი
გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ის სპორტული კომპლექსი,
რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს
აძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. გაკეთდა და
კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია გაკეთდება. ასეთი ინფრასტრუქტურული
პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და
რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ
სოფლის მეურნეობაზე. სახელმწიფოს აქვს თავისი, პირდაპირი
პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს ჩვენს
მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული
ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა
იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური
სისტემის რეფორმას. ასევე ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი
სტატუსის მინიჭება ბევრი სოფლისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
დაახლოებით არის 421 სოფელი. ეს პირდაპირი სოციალური დახმარება
ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა
თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია“, - განაცხადა გიორგი
გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმების განხორციელების
ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა.
ვინც რა უნდა თქვას, ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების
ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია, ეს იქნება ჩვენი ძირითადი
მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ
მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ
ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ
ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი,
ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს
კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ ისე უნდა
მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი - ევროპულ ოჯახში ჩვენი
დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა.
როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს,
რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ,
ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი,
მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი,
რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა
კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე
უკეთ იცის სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ
ტრაბახობს და კი არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის,
არამედ წყნარად, მშვიდად, თავმდაბლად მიდის და საქმეს აკეთებს.
დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია სამართლიან
ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო“
, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები