დღეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის'' დამფუძნებელი
და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გურჯაანის ოფისში იმყოფებოდა.
მან მოსახლეობას გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯოს
დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა და პარტიის
გეგმებზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგენლობა გურჯაანში და
წარვადგინეთ არაჩვეულებრივი ადამიანი, ეკატერინე ქვლივიძე. ის
გამორჩეული პიროვნებაა, არის პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, მაღალი
პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც ძალუძს
რეალური ცვლილებები მოახდინოს ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ
დაკომპლექტებულები ვართ პროფესიონალებით და იმ ადამიანებით, ვინც
იცის, როგორ გამოიყვანოს ეს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც
ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ბოლო წლების განმავლობაში. პრაქტიკულად,
დავიწყეთ საარჩევნო კამპანია. თითქმის ყველა ოლქში წარვადგინეთ ჩვენი
კანდიდატები. ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგებით და შემართებით
შევხვდებით ამ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ, გამარჯვების დადების
იმედით. “
ეკატერინე ქვლივიძის თქმით, ოთხი ოლქის კანდიდატობა მისთვის დიდი
პატივია.
„დღეს ბატონმა მამუკამ წარმადგინა ჩემს მხარდამჭერებთან, რაც ძალიან
დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. დღეს ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ,
ლელოდან ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსა და უკეთესი მომავლისათვის.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ უძლიერეს და პროფესიონალურ
გუნდთან მომიწევს მუშაობა. ამაყი ვარ თითოეული მათგანით მათი
შემართებით და მიდგომებით. ინოვაციებით, რომელიც დღეს ძალიან სჭირდება
ჩვენს ქვეყანას. გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს. “
წარდგენის შემდეგ მამუკა ხაზარაძე ქალაქის ქუჩებში მოსახლეობას შეხვდა
და მათი პრობლემები მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები