ურთიერთგადაბრალებული პასუხისმგებლობების გამო ნაგვით ამოვსებული კიუვეტები [Video]
ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე "კიუვეტების" (სანიაღვრე არხების) პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, რომ მათი დასუფთავება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. საპირისპიროს ამბობენ გურჯაანის გამგეობაში.
თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხი ძლიერი წვიმის დროს წყლით ივსება და გზაზე გადმოსული სიბინძურე მოსახლეობასა და სავაჭრო ობიექტებს აზარალებს. როგორც საოჯახო ნივთების მაღაზიის მფლობელმა ლილი ნინოშვილმა აღნიშნა, ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს, მაგრამ მისი მოგვარება დღემდე არავის უცდია.
- "მთელი სანიაღვრე ნაგვით არის სავსე და დამსუფთავებელი არავინაა. რაღაც `სეტკები~ ჩაალაგეს, წყალი კი გადის, მაგრამ ნაგავი გზაზე გადმოდის. ეს ყველაფერი ჩემს მაღაზიასთან ჩამოაქვს, მე ვგვი და ვასუფთავებ. სულაც არ ვარ ვალდებული დასუფთავების სამსახურის საქმე მათ ნაცვლად ვაკეთო. ზაფხული რომ მოვა, უარესი მდგომარეობა იქნება. ყურადღებას არავინ გვაქცევს,"-აღნიშნა მან.
ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს სოფელ გურჯაანში მცხოვრები ქეთევან ზარდიაშვილი.
- "ყოველდღე ამ გზაზე მიხდება სიარული. მარტო აქ კი არა, სანიაღვრეები ყველგან ასეა დაბინძურებული. რას აღარ ყრიან შიგ: ბოთლებს, პარკებს, ნაგავს და სხვა. ზემოთ უკვე თითქმის ამოვსებულია და გზაზეც გადმოდის. ზაფხულში აქეთ რომ ჩამოიარო, ისეთი სუნი დგას, შეიძლება გული შეგიწუხდეს. არ ვიცი ვის ევალება ამის დასუფთავება, მაგრამ უკვე წლებია სანიაღვრეები გაწმენდილი არ მინახავს,"-განმარტა მან.
საკითხის გასარკვევად თელავის საგზაო სამმართველოს დავუკავშირდით. როგორც ჩვენთან საუბარში სამმართველოს დირექტორის მოადგილე თამაზ აბდულაშვილმა აღნიშნა, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სანიღვრე არხების მუდმივად გაწმენდა მათი პრეროგატივა არ არის.
- "ეს კიუვეტები შარშან ორჯერ და წელს ერთხელ გაიწმინდა. ჩვენ არ გვაქვს იმის თანხები, რომ მუდმივად ვასუფთავოთ. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სანიაღვრეები თვითონ ქალაქის დასუფთავების სამსახურმა უნდა გაწმინდოს, ეს მათ ვალდებულებაშია. სანიტარულ მდგომარეობაზე მათ უნდა იზრუნონ,"-განმარტა მან.
საპირისპიროს აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი.
- "აღნიშნული გზის მონაკვეთი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, დაზიანების და გადავსების შემთხვევაში გაწმენდითი ან სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ უნდა აწარმოონ. ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ მხოლოდ შიდა საქალაქო გზის მონაკვეთებზე ვართ პასუხისმგებელი."
ვისი პრეროგატივაა "კიუვეტების" დასუფთავება, გაურკვეველია. მოსახლეობა კი არხების დროულად გაწმენდას ითხოვს, რადგან გაზაფხულის მოსალოდნელი წვიმების შედეგად, შესაძლოა გასული წლის მოვლენები განვითარდეს.
შეგახსენებთ, რომ შარშან მაისის თვეში მოსული სტიქიის შედეგად ლილი ნინოშვილის კუთვნილი მაღაზია, ასევე მის მიმდებარედ არსებული ობიექტები დაიტბორა და მეპატრონეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.
მასალის გამოყენების პირობები