მწერალ ჯაბა ზარქუას იდეას გაზეთი "სპექტრიც" შეუერთდა და დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" გურჯაანის ქუჩებში "სახეტიალოდ" გაუშვა.
წიგნის დროებითი მფლობელი მესამეკლასელი ალეკო ყალაბეგაშვილია.
როგორც გურჯაანელმა აკა ფროდიაშვილმა გვითხრა, წიგნები სამოგზაუროდ მანაც გაუშვა. "მე უკვე ჩავერთე ამ თამაშში. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, ჩემი რამდენიმე საყვარელი წიგნი დავდე ქუჩებში. ერთ-ერთია "მექანიკური ფოროხალი," რომელიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დავტოვე. იმედია, რომ ამ წიგნებს ყველა, ვინც წაიკითხავს, უკან დააბრუნებს და სახლში არ დაიტოვებს, რომ სხვებმაც შეძლონ მათი წაკითხვა. სოციალურ ქსელში უკვე შემეხმიანნენ (ჩემი კოორდინატები მითითებული მქონდა). მითხრეს, რომ იპოვეს ეს წიგნი, წაიკითხეს და შემდეგ სხვაგან დატოვეს," _ გვითხრა აკა ფროდიაშვილმა.
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარ ლია სავაძეს ჯაბა ზარქუას კონცეფცია მოსწონს და თვლის, რომ ეს პროექტი ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციას გაზრდის. "მნიშვნელობა არ აქვს რაიონი იქნება, სოფელი თუ ქალაქი. ამ აქციამ აუცილებლად უნდა გაამართლოს. თუკი ეს თაობა წიგნს დაუბრუნდება, ამაზე კარგი რა არის! მე იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა კომპიუტერს გვერდზე გადადებენ. ბოლო პერიოდში ნამდვილად მოდიან ბიბლიოთეკაში ახალგაზრდები. ბავშვები ძირითადად თანამედროვე მწერლებს კითხულობენ. ბევრს უნდა ფამუქის წაკითხვა," _ ამბობს ლია სავაძე.
ქალბატონმა ლიამ ჯერ არ იცის მისი საოჯახო ბიბლიოთეკიდან რომელი წიგნი შეიძლება გახდეს "მოხეტიალე", თუმცა არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი მათგანი გურჯაანში, სკვერში, ან ნებისმიერ ადგილას დადოს. აქვე აღნიშნა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კარგი იქნება თუკი წიგნი პატრონს დაუბრუნდება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები