ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირი
„მეცენატი“,უკვე მეოთხე თვეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს
თემში ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირება
და ჩართულობის ხელშეწყობა“, რომლის მხარდამჭერია ორგანიზაცია PH
INTERNATIONAL.
პროექტის ფარგლებში თემის სამი სკოლიდან შეირჩა 30 მოსწავლე. მათ 3 და
4 თებერვალს სათემო რადიო ივრისის ოფისში ჩაუტარდათ ტრენინგი
ინტერნეტის გამოყენებისას არსებული რისკებისა და გამოწვევების, ასევე
მობილური მოწყობილობებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.
როგორც სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის
(SCOPE) კოორდინატორი ნუცა გოგუაძე ამბობს, იორმუღანლოს თემში
აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს
შეუწყობს საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას.
"ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების დახმარებით ისეთი სათემო პროექტების
განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს თემში ჩვენს სამიზნე
თემებზე ინფორმირებულობის გაზრდას. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის
იორმუღანლოს თემში მუშაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ
ეს პროექტი ხორციელდება სათემო რადიოს ბაზაზე და ამაში ჩართულია ასევე
რადიოს კომპონენტიც. ახალგაზრდები შეიძენენ ძალიან მნიშვნელოვან
უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თემში არის
საკმაოდ დაბალი სამოქალაქო ჩართულობა ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი
იქნება ეს პროექტი."
ტრენერის, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტის კონსტანტინე სტალინსკის
თქმით, თემში ჯერჯერობით ინტერნეტიზაციის დაბალი მაჩვენებელია და
უმრავლესობა სოციალური ქსელით არც კი სარგებლობს, თუმცა, პრევენციის
მიზნით, ასეთი ტიპის ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ორდღიანი სემინარიდან ბევრი
ახალი ინფორმაცია მიიღეს, რაც მნიშვნელოვნად გამოადგებათ.
"მე და ჩემმა კლასელებმა არ ვიცოდით რა იყო ინსტაგრამი, ფეისბუქი და
სხვა, ახლა კი ვარ ამ სოციალურ ქსელებში და აქ ვისწავლე როგორ დავიცვა
თავი ხაკერებისგან. ჩემთვის რადიო ივრისში ძალიან კარგია."-
ამბობს აიშა ეიბოვა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სკოლის, საზოგადოებისა და
პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის
დამფინანსებელიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და
სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო. მისი მიზანია
ხელი შეუწყოს სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობას ისეთ
საკითხებში, როგორიცაა ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ბულინგი,
კიბერბულინგი, ინტერნეტსაფრთხეები, ტრეფიკინგი და სხვა.
ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირ
„მეცენატის“ დირექტორის, მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პროექტის
მონაწილეები გარდა ამ საკითხებისა, ასევე ისწავლიან ჟურნალისტიკის
ელემენტებს, აუდიომონტაჟს, ფოტო და ვიდეოგადაღებას.
მასალის გამოყენების პირობები