გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
მოისმინეს ლექცია თანამედროვე ასტრონომიაზე, რომელსაც უძღვებოდა ილიას
უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ლაბორატორიის
მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი.
სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილ 2
საათზე მეტხანს გაგრძელდა.
გიორგი ჯავახიშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები მოზარდების
ინფორმირებულობას ემსახურება.
-"მივდივარ იმ სკოლებში, სადაც ამ საკითხით დაინტერესდებიან. თანაც
ასტრონომია, როგორც საგანი აღარ ისწავლება, არადა საერთაშორისო
კოსმოსური კვლევებისადმი ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ ბავშვებსაც და
უფროსებსაც ობიექტური ინფორმაცია ნაკლებად აქვთ.
კახეთში უკვე ვიყავი მუსხელიშვილის სახელობის სკოლაში, ახლა ვიმყოფები
გურამ ჭილაშვილის სახელობის სკოლაში, ორივე ცნობილი მათემატიკოსია.
მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან გონებახსნილ და
ინფორმაციულ ბავშვებთან მომიწია შეხვედრა. როგორც ჩანს, ამ საკითხზე
ბევრს კითხულობენ. ეს ბავშვები, მომავალში ასტრონომები თუ არ
გამოვლენ, ყოველთვის ექნებათ ცისა და მეცნიერების სიყვარული, სწორედ,
ესაა ჩემი მიზანიც. ადამიანი, რომელსაც ცა უყვარს, სხვანაირად
ცხოვრობს,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი
ჯავახიშვილმა.
მოსწავლეებმა პროფესორს არაერთი შეკითხვა დაუსვეს, რომელიც ძირითადად
ეხებოდა: სამყაროს შექმნას, ციური სხეულების გავლენას დედამიწაზე,
სიცოცხლის შესაძლო არსებობას სხვა პლანეტაზე, ადამიანების როლს
სამყაროს გადარჩენაში და ა.შ.
"საინტერესო სემინარი იყო. ასეთი ლექციები ბავშვებს დაეხმარება
გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში და უნდა გავიაზროთ, რამდენაც
პატარები ვართ ამ სამყაროში და რამხელა როლი გვაკისრია." _ აღნიშნა N4
საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა რაქვიაშვილმა.
სემინარი დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.
როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე მოსწავლეები
აღნიშნავდნენ, რომ ლექცია საკმაოდ ინფორმაციული და მათ ინტერესებზე
მორგებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები