უკვე მრავალი წელია სცენაზე დგას და როგორც თავად ამბობს, დიდებსა თუ
პატარებს ერთგვარად აოცებს. მისი მოწოდება თავიდანვე ილუზიონურ
ხელოვნებას უკავშირდებოდა, ამ სფეროს წყალობით მან საკუთარი მე იპოვა.
მუშაობდა კენიელ, მოლდოველ, რუს და უკრინელ კოლეგებთან ერთად, არის
თურქეთის ხელოვნების ფესტივალის ლაურეატიც.
ხელოვნების სიყვარული წინაპრებიდანვე მოსდევს. პაპა გურჯაანის ხალხური
სიმღერის ანსამბლში მღეროდა. მას სურდა, შვილიშვილიც ამ სფეროს
გაჰყოლოდა, თუმცა პაატა ძულიაშვილის მოწოდება სულ სხვა იყო. უნდოდა,
ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, რომლითაც ხალხს გულში ბედნიერებას და
სახეზე ღიმილს მოგვრიდა.
დღემდე ახსოვს სცენაზე გამოსვლის პირველი ემოცია და აპლოდისმენტები.
ემოციები არც წლების შემდეგ განელებულა. სცენაზე დღემდე პროფესიის
სიყვარულით რჩება, არის შემთხვევები, როდესაც ნახევრადსავსე დარბაზში
უწევს თამაში. თუმცა, მაყურებლის რაოდენობას მისთვის მნიშვნელობა არ
აქვს, რადგან ყველასთვის ერთნაირი შემართებით თამაშობს. ბედნიერი
სახეების ყურება კი ყოველთვის უხარია. სცენაზეც და ცხოვრებაშიც ერთი
პარტნიორი ჰყავს, საკუთარი მეუღლე. ამ დარგის განვითარებაზეც
ერთობლივად ზრუნავენ. მათი ორივე შვილიც პროფესიით
მსახიობია.
ამბობს, რომ საცირკო ხელოვნება განწირულია, თუკი სახელმწიფოს მხრიდან
ხელშეწყობა არ ექნება. საცირკო სასწავლებლის გაუქმების გამო,
პროფესიონალი კადრი ვეღარ იზრდება და საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი
ილუზიონისტიღა დარჩა.
„ვერც ერთი მიმართულება, გარდა საესტრადო და საცირკო
ხელოვნებისა, ქვეყანას კომერციულ შემოსავალს ვერ მოუტანს. ცირკი ისეთი
სპეციფიკისაა, რომ გათვლილია, როგორც პატარა, ასევე საშუალო და მოზარდ
მაყურებელზე. 2013 წელს საგარეჯოში მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავით.
მომავალი განვითარების კონცეფციაში შეიტანეს საცირკო ხელოვნება,
ასევე, სახელმწიფო სასწავლებლის აღდგენაც, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ
ქაღალდზე დარჩა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. საქართველოში თითზე
ჩამოსათვლელი ილუზიონისტიღაა, თუკი არ აღდგება საცირკო სასწავლებელი
და არ გაიზრდება პროფესიონალი კადრი, ეს სფერო ვეღარ
განვითარდება.“
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლებლის
აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა პროექტის წარდგენის
შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერი ინიციატივა დააფინანსონ.
ილუზიონისტს პრობლემები არ აშინებს, ამბობს, რომ სანამ ცოცხალია,
საცირკო ხელოვნების განვითარებისთვის იბრძოლებს.
მასალის გამოყენების პირობები