გუშინ თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა
სპეცოპერაცია ჩაატარეს.
აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ speqtri.ge-ს ჟურნალისტი და ახალგაზრდა
უფლებადამცველთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი.
მემანიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სპეცოპერაციის დროს
დაირღვა ადამიანის უფლებები: „იყო პოლიციის მხრიდან მოსახლეობის
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: კერძოდ, სამართალდამცველები
დაკავებულის ოჯახის წევრების და იქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ
გამოხატავდნენ აგრესიას. როცა უწყების თანამშრომლებს მივუთითე, რომ
მათი ქმედება სცილდებოდა პოლიციის უფლებამოსილებას, ერთ-ერთმა
„დაიგინა“, „შენ მე ვერასდროს ვერაფერს მიმითითებ, ბოზიშვილი ვიყოოო“.
როგორც შემდგომ გავარკვიე, ეს იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვფიქრობ,
რომ მსგავსი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს პოლიციის სისტემაში.
მოგეხსენებათ, სამართალდამცველებს აქვთ თმენის ვალდებულება, რომელ
თანამშრომელსაც ეს უნარი არ გააჩნია, საერთოდ არ უნდა იყოს
სტრუქტურაში“. ნიკა მემანიშვილის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში
განიხილება სპეცოპერაციის დეტალები და არა ის ფაქტი, დამნაშავეა თუ
არა დაკავებული ახალგაზრდა: „არსებობს ეჭვმიტანილის დაკავების
გარკვეული ნორმები, რომელსაც სამწუხაროდ, აბსოლუტურად გადაუხვიეს
პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული სპეცოპერაცია ჩატარდა დარღვევით,
ყველანაირი სტანდარტის გარეშე“. უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით, ასოციაცია მიმართავს გენერალურ ინსპექციას
გამოიძიოს რა ვითარებაში ჩატარდა სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე
სპეცოპერაცია და როგორ განვითარდა მოვლენები: „როგორც მოსახლეობისგან
გავარკვიეთ, დაკავებული ნაცემი იყო და მას მიაყენეს სიტყვიერი
შეურაცხყოფა. რაც შემდეგ ვნახეთ, ის იყო, რომ დაახლოებით, ნახევარი
საათის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების მანქანაში დაკავებულს
ექიმები დახმარებას უწევდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ სერიოზული
იყო მისი დაზიანება“. სპეცოპერაციის შესახებ დეტალების გარკვევას
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში შევეცადეთ. ნატო
ბერძენიშვილის თქმით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს: „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ერთი
პირი, რომლის ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება
სუბოტექსი“. თუმცა ჩვენს კითხვაზე რა კომენტარს გააკეთებს
სამართალდამცავების მხრიდან სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების
დარღევასთან დაკავშირებით, განაცხადა: „ეს არის ჩვენი პასუხი“.
speqtri.ge-ს ექსკლუზივი
მასალის გამოყენების პირობები