ფინანსთა სამინისტრო, აუქციონის წესით კახეთში მომუშავე შარშანდელი
გვალვისგან დაზარალებული იმ ფერმერების ქონებას გაყიდის, რომლებმაც
მიწის გადასახადი ვერ გადაიხადეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის სარჩელის
საფუძველზე, დღეს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ამ
საკითხზე, დაზარალებულმა ფერმერებმა, დღეს, პრესკონფერენცია გამართეს
და სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამასთან საქართველოს
პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართეს და საკითხით
დაინტერესება სთხოვეს. "პრობლემა გასული წლის სტიქიური უბედურების
შედეგად დაგროვილი ვალების გამო გვაქვს, როგორც ბანკების ასევე
სახელმწიფოს წინაშე. ამის გამო ბანკები და სახელმწიფო გვიყიდიან
ქონებას. ბანკიდან გამოტანილი მაქვს 50 ათასი ლარი, ხოლო სახელმწიფოს
ვალი ქონების გადასახადის სახით დარჩენილი მაქვს 7 ათას ალარამდე.
ქონება კი, რომელსაც მე მიყიდიან 700 ათას ლარზე მეტი ღირებულებისაა",
- ამბობს დაზარალებული ფერმერი თეიმურაზ გოგოსაშვილი. ფერმერების
განცხადებით,
ჯერ იტალიურმა კალიამ, ხოლო შემდეგ გვალვამ
ხორბლის, მზესუმზირის, სიმინდის მოსავალი 80–90%–ით გაანადგურა.
გვალვის გამო დაიხოცა საქონელი, ფუტკარი და გახმა ვაზი. როგორც
ცნობილია, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი 2014
წელს სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების
სტიქიური
უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვდა. მთავრობამ კი,
დაზარალებულების თხოვნა არ გაითვალისწინა. ფერმერების განცხადებით,
ბევრმა მათგანმა საქმიანობა შეწყვიტა და სახნავ – სათესი მიწების
მხოლოდ 20%–ია დამუშავებული. ფერმერების ნაწილს შემოსავლების
სამსახურის მოთხოვნით ანგარიშებზე ინკასო აქვს დადებული, უძრავ –
მოძრავი ქონება კი დაყადაღებულია და მისი გაყიდვა იწყება.
მასალის გამოყენების პირობები