გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 95% ქალია.
ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, მალარიით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე მისივე პარტნიორი მამაკაცია.
ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემაა, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ინდოეთში ამ მიზეზით ყოველდღიურად ოცდაორ ქალს კლავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში – ოთხს, ევროპაში კი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობას ყოველი მეხუთე ქალი განიცდის.
ოჯახში ძალადობა საქართველოშიც პრობლემად რჩება. ეს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებულ ეროვნულ კვლევაშიც გამოჩნდა, სადაც 15-49 წლამდე ასაკის 2 400-მდე ქალი გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის სხვადასხვა ფორმა 35%-მა განიცადა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას გულისხმობს – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით. აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება. მოძალადეების, ისევე როგორც მსხვერპლთა, ძირითადი ასაკი კი 25-44 წელია.
ქვეყანაში, სადაც ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით უმჯობესია ქალი საერთოდ არ მუშაობდეს, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება და ფუქნცია გამრავლება, ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლის წესრიგში მოყვანაა. ქართველ ქალთა უმეტესეობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს. სურათი კი არაასრულია, რადგან ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი ნაწილი არ მიმართავს დახმარებას, შიშისა და სირცხვილის გამო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით speqtri.ge-მ გურჯაანის მოსახლეობა გამოჰკითხა.
http://youtu.be/SR5jsqlKHno?list=PLU8_Xdd4VvF2e-dslRlZWyz8r2HnQBVi-
მასალის გამოყენების პირობები