სიღნაღში ორი წელია რაც ქალაქის ცენტრში არსებული სახელმწიფო პოლიკლინიკა აღარ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად წნორში უწევთ წასვლა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პოლიკლინიკა წინა ხელისუფლების დროს დაიხურა და ამ ეტაპზე მისი აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩვენთან საუბრისას სიღნაღელები აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე პოლიკლინიკას მომსხურება შეუზღუდეს, მცირეპროფილიანი გახადეს და ადგილიც არაერთხელ შეუცვალეს, ამჟამად კი უფუნქციოდაა. ადგილობრივები სამედიცინო დაწესებულების აუცილებლობაზე საუბრობენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
სიღნაღის მკვიდრი, სასწარაფო დახმარების მანქანის მძღოლი ლიჟანი ნიკვაშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ პოლიკლინიკა ახლანდელი სასწრაფო დაწესებულების შენობაში იყო განთავსებული.„ადრე აქ, სასწარაფოს შენობაში იყო პოლიკლინიკა, შეკვეცეს და გადაიტანეს „ლიბერთი ბანკის“ შენობის მეორე სართულზე. ეხლა მაგ შეკვეცილი ფორმითაც აღარ არსებობს, საერთოდ გააუქმეს და დახურეს“.
მისივე თქმით, მთელ სიღნაღს ერთი უბნის ექიმი ემსახურება, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: „უბნის ექიმი ძირითადად წნორში იმყოფება, კლინიკა „არქიმედეში“. თანაც ამ ბოლო დროს, რაც ეს რეცეპტები შემოიღეს, მარტო მაგის წერას უნდება და წესიერად რომ გასინჯოს ადამიანი, ვეღარ ახერხებს. ხალხი ძალიან წვალობს, სიღნაღიდან წნორში უწევთ წასვლა“.
გიორგი ვარაზაშვილი ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს და ძველი პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს. „ცუდად თუ გავხდი, ტაქსი უნდა დავიჭირო პენსიონერმა კაცმა და ისე წავიდე საავადმყოფოში, რისი საშუალებაც არ მაქვს. ვერ წავალ და მოვკვდები. სიღნაღში არაფერია, ყველგან აკეთებენ პოლიკლინიკებსაც და საავადმყოფოებსაც, მაგრამ ჩვენთან არა“.
მანანა გონიაშვილი ყურადღებას სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამგზავრო ხარჯებზე ამახვილებს. „სიღნაღიდან, რომ წნორში ჩახვიდე და ამოხვიდე 10 ლარზე მეტი გჭირდება. ძლივს ვახერხებთ წასვლას და იქაც წესიერი ყურადღება არ გვექცევა. არამარტო სიღნაღიდან, გარშემო სოფლებიდანაც ყველა იქ მიდის.“
გარდა იმისა, რომ სიღნაღი მჭიდროდდასახლებული ქალაქია, კახეთის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრიცაა. თუმცა ფაქტია, რომ სამედიცინო დაწესებულების გარეშე დარჩენილ „სიყვარულის ქალაქში“, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლებელია. „სიღნაღში ხალხი მრავლად ცხოვრობს, ათასი ბავშვი და მოხუცია. ხან სეზონური ვირუსებია, ხან სხვა სახის ავადმყოფობა და ელემენტარული დაწესებულება მაინც ხომ უნდა გვქონდეს, სადაც ნორმალურად გაგვსინჯავენ?“-აღნიშნავს მანანა გონიაშვილი.
სიღნაღის ოჯახის ექიმი ნინო დავითაშვილიც გვიდასტურებს, რომ მხოლოდ მისი მომსახურება ქალაქის მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი პრეტენზიებიც არის, თუმცა, ამბობს, რომ პოლიკლინიკა მალე აღდგება და პრობლემაც მოგვარდება. „რამდენადაც ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილია, ლაპარაკია პოლიკლინიკის აღდგენაზე. უკვე გამოყოფილია თანხა, შენობა რემონტდება და დაახლოებით ორ თვეში გაიხსნება.“
საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი speqtri.ge-სთან განმარტავს, რომ სიღნაღში სახელმწიფო პოლიკლინიკა წინა ხელისუიფლების დროს გააუქმეს, რის შემედეგაც, ქალაქში კერძო კომპანია „არქიმედე“ შემოვიდა, თუმცა ისიც მალე დაიხურა, რადგან ეს ბიზნესი მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. „მოგეხსენებათ, „არქიმედე“ კერძო კომპანიაა, შესაბაიმსად, როგორც მისმა წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, სიღნაღში ამ პოლიკლინიკის არსებობა წამგებიანი იყო. რაღაც ვაუჩერი იყო შესავსები, რომელიც 6 000 პაციენტს უნდა შეევსო, რომ პოლიკლინიკას დაფინანსება მიეღო, მაგრამ ეს 6 000 მსურველი ვერ შეგროვდა, რის გამოც „არქიმედე“ გავიდა სიღნაღიდან“.
მისივე თქმით, „არქიმედესთან“ ხელახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პოლიკლინიკა შემცირებული მასშტაბებით მაინც აღსდგეს. „ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან პოლიკლინიკა უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელსაც ეყოლება ექთანი, ჩატარდება აცრები, იქნება პედიატრი, რომ ბავშვები მიიღოს და მოეწყობა ლაბორატორია, სადაც ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი“.
მასალის გამოყენების პირობები