რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“. მოვაჭრეები უცნობ პირებს ეკამათებოდნენ, რომლებიც თავიდან საკუთარ ვინაობას არ ამხელდნენ. როგორც მოვაჭრეებმა სპექტრი.გე-ს განუმარტეს, ბაზარში დადიოდნენ ნასვამი პიროვნებები და სალარო აპარატებს ითხოვდნენ, არქონის შემთხვევაში კი ჯარიმის დაწერას ცდილობდნენ.
„შემოვიდნენ ნასმები და საკასო აპარატები მოგვთხოვეს. საკასო აპარატი იქნება თუ რაიმე სიახლე, ბაზარში ამის შესახებ უნდა გაგვაფრთხილონ. ჩვენ არავის გავუფრთხილებივართ, პირდაპირ შემოვიდნენ შემოწმებაზე, ამოიღეს აქტები და გვაჯარიმებდნენ. გვარი-სახელი და თანამდებობა არ გაგვანდეს, მარტო ის გვითხრეს, დეპარტამენტიდან ვართო“, _ გვიყვება ხორცის რეალიზატორი ილია ქევხიშვილი.
ფაქტს "გლეხური ბაზრის" მოვაჭრე მალხაზ ჩალათაშვილიც ადასტურებს და განმარტავს, რომ პიროვნება, რომელიც მასთან მაღაზიაში შევიდა და სალარო აპარატი მოსთხოვა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. „პირში ენა არ ჰქონდა. რომ მელაპარაკებოდა, ღვინის სუნად ყროლდა. მოვიდა და საკასო აპარატს ითხოვდა. რომ ავუხსენით, ჩვენთვის საკასო აპარატები ბაზრის ადმინისტრაციას არ მოუთხოვიაო, მითხრა არ მაინტერესებს, საკასო აპარატები უნდა გქონდეთო“.
სპექტრი.გე-მ გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნება შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი ივერი წურწუმია იყო. მისი თქმით, ის თანამშრომლებთან ერთად შესამოწმებლად კონკრეტული ბრძანების საფუძველზე ჩამოვიდა. „არავითარი დაჯარიმება, უბრალოდ, ხალხს განვუმარტავდით, რომ ვისაც საკასო აპარატი სჭირდებოდა, უნდა დაედგა“.
სიტუაციის დასარეგულირებლად, მოვაჭრეებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები ადგილზე მალევე გამოცხადდნენ და საკითხში გარკვევა სცადეს. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი პოლიციის თანამშრომელს შეკრებილი ხალხის დაშლას სთხოვდა. მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ის მოვაჭრეებს დაემუქრა: „ეს შემოწმება არ იყო და თუ ჩვენი არ გესმით, სხვა ჯგუფი მოვა და მერე განახებთ შემოწმებას“.
სამართალდამცავებმა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპატრამენტის თანამშრომლები დასაკითხად შსს-ს გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები