სართიჭალა-თბილისის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის დედა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლის რევაზ თევდორაშვილის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
„აბა ეს სამართალია? ჩემი შვილის მკვლელი არათუ დაიჭირეს, არამედ სამსახურიდან, თანამდებობიდანაც კი არ გაუთავისუფლებიათ. ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. შედეგები ორ კვირაში იქნება ცნობილი და მას შემდეგ მოხდება დამნაშავის დაკავება. ჩვენ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოვითხოვეთ და გვინდოდა წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ, მაგრამ გამომძიებელმა გვითხრა, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერაფერს ვიზამთო“, - გვიყვება ნინო სეფიაშვილი.
მისივე განცხადებით, ორი დღის წინ გამომძიებელმა ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით ოჯახის წევრები დაკითხა.
„მე და ჩემი სიძე დაგვკითხეს. ჩივილს ვაპირებდით, მან კი გვითხრა, საჭირო არ არის, კანონი თავად დასჯის დამნაშავესო. განგვიმარტა, რომ სამხილები საკმარისადაა, ნახაზები აღებულია და საქმის დეტალური გამოძიების შემდეგ დამნაშავეს აუცილებლად დავაკავებთო“.
ნინო სეფიაშვილის ინფორმაციით, ავარიიდან რამდენიმე წუთში სისხლიანი გზა გადარეცხეს, ავტომობილები რუსთავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს და ავარიის შედეგად გაფუჭებულ გზაზე ასფალტიც კი დააგეს. როგორც მას გამომძიებელმა განუმარტა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერი ავარიის შემდეგ ასე ხდება.
რაც შეეხება ბრალდებას, გაძარცვის შესახებ, რომელსაც შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს უყენებდა, ნინო სეფიაშვილის განცხადებით, არ დაკმაყოფილდა.
„როდესაც დამნაშავე გაქცევას ცდილობდა და მას აკავებდნენ, ჯიბიდან მობილური ტელეფონი გადმოუვარდა. ჩემმა სიძემ კი იმ მიზნით აიღო, რომ გაქცევის შემთხვევაში მისი ვინაობა დაგვედგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით არავის შევუწუხებივართ“, - აცხადებს გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, 23:00 საათზე, სართიჭალა-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ სააკაძის ასახვევთან მოხდა. გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი მართავდა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, კარი გაიღო და მგზავრები გარეთ გადმოცვივდნენ. „ფორდ ტრანზიტით“ სეფიაშვილების ოჯახის წევრები დასასვენებლად ქობულეთში მიდიოდნენ.
ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი გარდაიცვალა, უგონოდ მყოფი მისი 11 თვის ბავშვი კი რეამინაციაში მოათავსეს. გარდაცვლილის მეუღლე, მამა და 5 წლის შვილი მსუბუქად დაშავდნენ, დედას, ნინო სეფიაშვილს კი თავზე რამდენიმე ჭრილობა აქვს.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო აწარმოებს. საქმეს გამომძიებელი გიორგი ლობჟანიძე იძიებს.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განგვიცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდესის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით - ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
„აღნიშნული პიროვნება, კერძოდ კი რევაზ თევდორაშვილი ინრაჩუნებს სამსახურს, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, რომ ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის პასუხი და არ გამოიკვეთება დამნაშავე, მანამდე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია,“ - განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში .
უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზა დაჩქარებული წესით ტარდება, რათა გაირკვას ავარიის მიზეზები, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ზომების მიღება.
მასალის გამოყენების პირობები