„გლეხური ბაზრის“ ხორცით მოვაჭრეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრეს.
როგორც ილია ქევხიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს საჩივარი 16-17 თებერვალს შეიტანეს და სააგენტოს ოთხასლარიანი ჯარიმების გაუქმება მოსთხოვეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 9 მარტს ამავე ბიზნეოპერატორებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გააგზავნეს წერილობითი მიმართვა, რის საფუძველზეც მოითხოვეს რეკომენდაციების შესრულების მეორე გონივრული ვადის (15 აპრილი) გადაწევა მაისის ბოლომდე. მათი თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სავაჭრო ობიეტებს დახურვენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა კახა მაღრაძემ დაგვიდასტურა, რომ ბიზნესოპერატორებმა სააგენტოს მიერ დაწერილი დაჯარიმების აქტი გაასაჩივრეს: „დაჯარიმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით,სასამართლოდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება. სასამართლოს დასრულებამდე ყველანაირი პროცედურა შეჩერებულია. მოვაჭრეებმა რომ მოითხოვეს რეკომენდაციების შესრულების თარიღის მაისამდე გადავადება, მაგასაც ეკარგება ძალა. სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება და ეს შეიძლება ერთი წელიც კი გაიწელოს, სააგენტოს ინსპექტორების სამსახურს გადამოწმების უფლება არ აქვს.“
ხორცით მოვაჭრეების თქმით, კახეთის მასშტაბით ყველა ბაზრი შემოწმდა, თუმცა ვაჭრები მხოლოდ გურჯაანში დააჯარიმეს, რაც მათში კიდევ ერთ ეჭვს იწვევს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კახა მაღრაძე განმარტავს, რომ „გლეხური ბაზრის“ მოვაჭრეები დარეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (ინდმეწარმე), ამიტომ დაჯარიმდნენ, როგორც ბიზნესოპერატორები: „სხვადასხვა პერიოდულობით ვამოწმებთ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაში. გურჯაანის ბაზარში ბიზნეოპერატორები იყვნენ ინდივიდუალური მეწარმეები, ამიტომაც შევამოწმეთ და დარღვევის გამო დავაჯარიმეთ. სხვა ბაზრების შემთხვევაში, ვაჭრები რომლებიც დახლებთან დგანან, იურიდიული პირები არ არიან, შესაბამისად, მოწმდება ბაზარი და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმდება. სააგენტოს ვალდებულებაა ყველა ვარიანტში იურიდიული პირი შეამოწმოს“.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული სასამართლო პროცესი გურჯაანის საქალაქო სასამართლოში 23 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები