გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში, 28 აპრილს "გლეხური ბაზრის" მესაკუთრეებსა და მოვაჭრეებს შორის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სამსაათიანი დავის მიუხედავად დაპირისპირებული მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ბაზრის დემონტაჟი იყო ის ძირითადი საკითხი, რომლის განხილვაც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დაპირისპირებულებს საქმის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესთავაზა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში "გლეხური ბაზრის" მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილმა აღნიშნა, მან სასამართლოზე თავისი არგუმენტაცია წარმოადგინა.
- "დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ არსებითი განხილვა დაიწყო, ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტაცია. ის მიზეზები, რომლის საფუძველზეც ვითომ გამგეობა უარს აცხადებდა დემონტაჟზე, აღარ არსებობს, ამიტომ უნდა გამოიცეს ახალი აქტი. აქ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ და დაგეგმილ ქმედებასთან. როგორც თვითონ ამბობენ, დემონტაჟით "მესამე პირების" (მოდავე მხარე, ავტ.) ინტერესს ვლახავთ. ჩვენ გვინდა, რომ ბაზარი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გავაკეთოთ, სადაც დღევანდელთან გაცილებით უკეთესი პირობები იქნება. შესაბამისად, ის მოვაჭრეები, რომლებიც დღეს "მესამე პირების" ტერიტორიაზე ვაჭრობენ, გადმოვლენ და ჩვენთან ივაჭრებენ. სწორედ ეს არ აწყობთ. მათ უნდათ, რომ ბაზარი იყოს დანგრეული, დაშლილი და როგორიც დღეს არის, ქუჩაში გამოტანილი."
ნუკრი ლიპარტაშვილი აუცილებლობად არ თვლის ვინმეს შეუთანხმოს, თავის კუთვნილ ტერიტორიაზე რა უნდა გააკეთოს.
- "ის რომ დემონტაჟით ვინმეს რამეში ხელს შევუშლი, ჩემი საზრუნავი სულაც არ არის. სავაჭრო საქმიანობა არ არის ლიცენზირებადი. არავინ მავალებს, რომ აქ ასი წელი ბაზარი უნდა იყოს. არავის აქვს უფლება მიმითითოს, რა უნდა გავაკეთო. თუნდაც არაფერი ავაშენო და ტერიტორია ცარიელი დავტოვო, ეს ჩემი გადასაწყვეტია,"-ამბობს ნუკრი ლიპარტაშვილი.
რაში ადანაშაულებს ნუკრი ლიპარტაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობას, რას პასუხობენ მას და რა მოთხოვნები აქვთ "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეებს?
წაიკითხეთ გაზეთ "სპექტრის" ახალ ნომერში!
მასალის გამოყენების პირობები