დასუფთავების სამსახურში ხელფასების შემცირება კადრების ჩანაცვლების მიზნით
გურჯაანში ქალაქისა და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები ხელფასის შემცირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ხელმძღვანელ ნოდარ გორხელაშვილს ამ გზით ძველი კადრის ახლით ჩანაცვლება სურს.
როგორც ტენდერში გამარჯვებული ი/მ "ნოდარ გულაშვილის" თანამშრომლები ამბობენ, ერთ-ერთი დარაჯი სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს და არსებობს იმის საშიშროება, რომ სხვებმაც მისი ბედი გაიზიარონ.
-"ერთი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს, იმასაც ამბობენ, რომ ახლების მიღება უნდათ. ალბათ, მალე ისეთ პირობებს შეგვიქმნიან, რომ იძულებულები გავხდებით ჩვენი ნებით წავიდეთ," _ გვითხრეს თანამშრომლებმა პირად საუბარში. ვინაობის დასახელებისგან კი თავი იმ არგუმენტით შეიკავეს, რომ შესაძლოა, ამ წერილის შემდეგ მათ სამსახურში პრობლემები შეექმნათ.
მათივე თქმით, ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ მომსახურე პერსონალის ხელფასებიც შემცირდა. როგორც ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში ერთ-ერთმა დარაჯმა აღნიშნა, მათი ხელფასი 160 ლარის ნაცვლად 136 ლარი გახდა.
-"სანამ ახალი ტენდერი გამოცხადდებოდა, ხელფასი 160 ლარი გვქონდა, ეხლა კი 136 ლარია. შარშან 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი ჩვენი სამსახურისთვის, წელს კიდევ 39 ათასი ლარია. სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი ხელფასების შემცირება. დატვირთვა ბევრია, თანხა კი _ ძალიან ცოტა. საარსებო მინიმუმი 150 ლარია და ამდენიც არ გვაქვს. არადა, ოჯახები გვყავს შესანახი," – გვითხრა მან და სხვების მსგავსად ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელმა ნოდარ გორხელაშვილმა თანამშრომლების ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ერთი დარაჯი მართლაც გაათავისუფლეს, მაგრამ ამაში პირადული არაფერია.
-"ქალაქის მერი (იგულისხმება ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ავტ.) ღამის ორ საათზე შემოვიდა შენობაში და ნახა, რომ დარაჯი ადგილზე არ იყო. ის ორი საათის შემდეგ მოვიდა და თქვა, რომ პურზე იყო გასული. ამის შემდეგ მე მომცეს შენიშვნა და მკაცრად გამაფრთხილეს, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო. იძულებული გავხდი, გამეთავისუფლებინა და მის ნაცვლად სხვა კადრი მიმეღო," _ გვითხრა მან.
როგორც გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დიმა არევაძემ განმარტა, ღამის 12 საათზე (და არა 2-ზე), დარაჯი სამსახურში ნამდვილად არ დახვდა.
-"12 საათზე შენობა შევამოწმე და დარაჯი ვერ ვნახე. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა და არგუმენტად დაასახელა, რომ პურის საყიდლად იყო გასული. დამეთანხმებით, დღევანდელ დროს პურის რიგში ამდენი ხანი დგომა წარმოუდგენელია, თანაც ღამის საათებში. გათავისუფლება ჩემი მიზეზით არ მომხდარა, მე მხოლოდ ხელმძღვანელი გავაფრთხილე. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს უკვე მისი პრეროგატივა იყო," _ განმარტა დიმა არევაძემ.
ნოდარ გორხელაშვილის თქმით, მათ კომპეტენციაში სახანძრო, გამგეობისა და ე.წ. მერიის შენობების დასუფთავება შედის და სულ 16 თანამშრომელია დასაქმებული.
"9 დამლაგებელი და 7 დარაჯი გვყავს, რომლებიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. მარტო გამგეობაში 4 დარაჯია და ჩემი აზრით, ამდენი საჭირო არც არის. მე როდესაც ამ სფეროში მოვედი, არ მინდოდა ვინმე სამსახურიდან გამეთავისუფლებინა, ამიტომ ვარჩიე ყველა თავის ადგილას დარჩენილიყო და ხელფასი ცოტა შეგვემცირებინა. დამლაგებლების ხელზე ასაღები თანხაა 125 ლარი, გამგეობის დარაჯების _ 136 ლარი, ხოლო მერიის შენობის _ 100 ლარი. სხვათა შორის, არც ძალიან დატვირთულები არიან. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს თავის ადგილს. არ მინდა ჩემი მიზეზით ვინმემ სამსახური დაკარგოს," _ აღნიშნა ნოდარ გორხელაშვილმა.
იქიდან გამომდინარე, რომ 58 ათას ლარად შეფასებულ ტენდერში ი/მ "ნოდარ გულაშვილმა" (რომელსაც რეალურად ნოდარ გორხელაშვილი ხელმძღვანელობს) 36 ათას ლარში გაიმარჯვა, თავის დროზე დასუფთავების ხარისხსა და პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ჯონი ოსიაშვილსაც ჰქონდა. როგორც გამგებელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ამ პრობლემის თაობაზე თანამშრომლებმა მასაც მიმართეს.
-"ხელფასების შემცირების გამო მინდოდა ტენდერი შემეწყვიტა, მაგრამ როდესაც ეს საკითხი იურისტებთან გავიარე, აღმოჩნდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
აქვე აღვნიშნავ, რომ შარშანდელთან შედარებით შენობა კარგად სუფთავდება. ამ წუთებში მე არ მაქვს არანაირი უფლება საკითხში ჩავერიო. თუკი შევატყობ, რომ სამუშაო ხარისხიანად არ კეთდება, მაშინ იძულებული ვიქნები ახალი ტენდერი გამოვაცხადო," _ გვითხრა მან.
ნოდარ გორხელაშვილის თქმით, ტენდერის ვადა 31 დეკემბერს იწურება და მათთვის განსაზღვრული ბიუჯეტი სავსებით საკმარისია დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად შესასრულებლად.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები