საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე-კახეთი ქვეყნის
აღმოსავლეთით მდებარეობს და რეგიონებს შორის ყველაზე
დიდი ტერიტორია უკავია
(დაახლოებით 11342 კვ. კილომეტრი) მოსახლეობის
რაოდენობა 407 ათასს აღემატება. კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს
ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის,
აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი
სანახაობა იშლება. მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას
ტოვებს დავით გარეჯის უდაბნო, თუშეთის მთიანეთი,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, ახტალის ჩამქრალი
ვულკანი და სხვა. ჰავა ზომიერია, ბუნება
მრავალფეროვანია.
კახეთის რეგიონალური ცენტრია თელავი, საქართველოს
არსებობის მანძილზე, ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში,
კახეთზე გადიოდა ევროპიდან აზიისაკენ მიმავალი
აბრეშუმის გზა.
უძველესი კულტურის მხარე, სადაც ქვის ხანის ადამიანის
მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი, ხუროთმოძღვრული
ძეგლების საკულტო შენობების ეკლესია-მონასტრების,
სათავდაცვო, თუ სამეურნეო ნაგებობების სიმრავლითაც
გამოირჩევა.
კახეთი ვაზის სამშობლოა. ვენახებს საერთო ფართობის
მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ამ რეგიონშია მეღვინეობის
ისეთი ცნობილი მიკროზონები, როგორებიცაა: წინანდალი,
თელიანი, ნაფარეული, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი,
გურჯაანი, კარდენახი, ტიბაანი, ქინძმარაული, მანავი,
ენისელი, გრემი. კახეთშია განთავსებული საქართველოს
ღვინის უმსხვილესი კომპანიებიც.
მევენახეობა და მეღვინეობა დღესაც მხარის ეკონომიკის
უმნიშვნელოვანესი დარგია. ღვინო აქ ყველა ოჯახში
მზადდება. სტუმრებს სიამოვნებით უმასპინძლდებიან სახლში
დაწურული ღვინით, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი
კერძებით, სტუმართმოყვარე მასპინძლები აცნობენ ქართულ
ტრადიციებსა და თვითმყოფად ეთნოგრაფიას.
კახეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას
წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება
წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი
(გამგეობა) ორგანოების მიერ.
კახეთის რეგიონი რვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულებისაგან შედგება, კერძოდ მის შემადგენლობაში
შედის: თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის,
დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის
მუნიციპალიტეტები
მასალის გამოყენების პირობები